დაკავებული ლაშა ქველაძე პოლიციის განყოფილებიდან კლინიკაში გადაიყვანეს

მარნეულის “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ქველაძე დღეს პოლიციამ დააკავა, საქმე ეხება 29 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებას, რომელიც ქართულ ოცნებასა და ენმ წევრებს შორის მოხდა.

ქველაძე პოლიციას წინასწარი დაკავების იზოლატორში უნდა გადაეყვანა თუმცა მას მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა და ამიტომ მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება.

ლაშა ქველაძის წინააღმდეგ საჩივარი, პოლიციაში „ქართული ოცნების“ აქტივისტმა ცოტნე ბოჭოიძემ შეიტანა, გამოძიება 162-ე და 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
მარნეულის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსი აგილ მუსტაფაევი აცხადებს, რომ ლაშა ქველაძის დაკავება უკანონოა და დამნაშავეები ჯერ კიდევ გარეთ არიან.

– “რეალური დამნაშავეები გარეთ დადიან, რომელთაგან ბევრი არც კი დაუკითხავს პოლიციას, ლაშას მოშორება უნდათ ცეესკოდან და ამიტომ ხდება ასე” – ამბობს აგილ მუსტაფაევი.

წყარო: ptn.ge