გუშინ ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ისევ კულისებში გადის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და ავანსცენას ირაკლი კობახიძეს უტოვებს.
“ფორმულა ნიუსის” თქმით, ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს მის შემცვლელად მომავალ კვირას გამართულ პარტიის ყრილობაზე დაასახელებს. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ბიძინა ივანიშვილის შესაძლო წასვლა, რას გამოიწვევს მისი ეს ნაბიჯი “ქართულ ოცნებაში” და ვიხილავთ თუ არა მის მეორედ მოსვლას მმართველ პარტიაში, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა, ambebi.ge-თან ექსპერეტეი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს:
ვახტანგ ძაბირაძე:
– ბიძინა ივანიშვილის წასვლა-არწასვლა, ბევრს ვერაფერს შეცვლის იმიტომ, რომ საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბებულია ისე, რომ “ქართულ ოცნებაში” ყველაფერს ივანიშვილი მართავს და განკარგავს.
მეორე – დავუშვათ, მიდის და პარტიის თავმჯდომარედ კობახიძეს ტოვებს. ნორმალურ იერარქიას რეალური იერარქია ანაცვლებს, ამდენად აქ ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად აქვს გავლენა საპარლამენტო უმრავლესობაზე იმავე კობახიძეს, გახარიას, ან კალაძეს იმიტომ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ღებულობს ასეთ გადაწყვეტილებას.
რაც ეხება იმას, რომ ივანიშვილი მიდის, ახლა, ამ ვითარებაში არა მგონია, მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. შესაძლოა, მან წასვლაზე განცხადება გააკეთოს, მაგრამ თავის დროზე, გახსოვთ, წავიდა პარტიიდან, პოლიტიკიდანაც, მაგრამ მერე გამოჩნდა და თქვა, კვირიკაშვილი გადატრიალებას აწყობდა, რომ არ მოვსულიყავიო. რომც წავიდეს, მისი ქცევიდან გამომდინარე ისე ჩანს, ამით არაფერი იცვლება, მაინც არაფორმალური მმართველი იქნება.
ან ამას ვინმე დაიჯერებს ქვეყანაში? იმავე “ქართულ ოცნებაში” დაიჯერებენ, რომ ივანიშვილი წავიდა? რა თქმა უნდა, ილაპარაკებენ, რომ წავიდა, თუ ასეთი განცხადება გაკეთდა. მაგრამ ასე იყო ლაპარაკი მაშინაც, როდესაც პრემიერის პოსტი დატოვა და თქვა, მე გავედი პოლიტიკიდან და დანარჩენი თქვენ იცითო, მაგრამ მერე მობრუნდა.
ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. ივანიშვილს შესაძლოა გულწრფელად, მართლა უნდოდეს წასვლა და არ უნდოდეს ამ ორომტრიალში ყოფნა, სადაც მის გვარ-სახელს ყველა ბრუნვაში მოიხსენიებენ. მაგრამ პოლიტიკიდან წასვლა არც ისეთი ადვილია, როდესაც შენ ხარ ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) გავლენიანი პიროვნება ქვეყანაში – უამრავი ინტერესებია, ვალდებულებები…
ასე უბრალოდ, დაიხუროს ქუდი და წავიდეს, მგონია, ამას უბრალოდ, ვერ შეძლებს, ვერ გააკეთებს, მანდ სხვა პრობლემები ჩნდება, იქ ვალდებულებებია შინ თუ – გარეთ. ივანიშვილი პარტიის რიგითი წევრი რომ იყოს, მაშინ, პრობლემა არაა, მაგრამ როცა ლიდერია, ლიდერის წასვლა პრობლემაა. აგერ, ვაშაძე წავიდა და არც არაფერი იქნება “ნაციონალურ მოძრაობაში”, მაგრამ მიშა რომ წავიდეს, მაშინ სხვა თემაა. ბიძინას წასვლა იმას გამოიწვევს, რომ “ოცნებაში” აუცილებლად დაიწყება შიდა პარტიული ბრძოლები. კულუარებში ახლაც მიდის, მაგრამ მერე სააშკარაოზე გამოვა ყველაფერი. ივანიშვილი თუ წავიდა, საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნება, ამიტომ ვამბობ, რომ მას ვალდებულებები აქვს აღებული ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, ასე რომ, ასე მარტივად ეს არ გამოვა. ან ასეთ წასვლას რა აზრი აქვს? მთავარია, ისე წავიდეს, ყველამ დაიჯეროს, რომ მართლა წავიდა. ეს რომ დაიჯერონ, ბევრი რამაა გასაკეთებელი იმავე პარტიაში.