საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებული სარჩელი დააკმაყოფილა და ამიერიდან, ყველა ადამიანს და მათ ადვოკატებს შეეძლებათ “ნორმალურად გაეცნონ საქმეებს, ჩვეულებრივად წამოიღონ სახლში და არ მოუწევთ პასტით ხელში ჯდომა პროკურატურაში მორიგე პროკურორის ზედამხედველობით”.
კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომლის საქმეც გამოძიებაშია.
“ეს მნიშვნელოვანი ფაქტია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომლის საქმეც გამოძიებაშია ან არის უკვე გამოძიებული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები აქამდე საქმეს ვერ ეცნობოდნენ, ეცნობოდნენ მაგრამ უკიდურესი სირთულეებით. მე ვფიქრობ, რომ ჩემი პერსონა არაფერ შუაშია, ეს ყველაფერი თანამედროვე ნორმებთან შესაბამისობაში მოვიდა უბრალოდ,”- ამბობს კონსტანტიე გამსახურდია.
2010 წლიდან დღემდე საქმის მასალებს დაზარალებული მხარე იგებდა ზედამხედველი პროკურორის თანდასწრებით დღეიდან კი მათ სრულად ჩაბარდებათ საქმის მასალები.
“რუსთავი2”