კალინინგრადის ოლქის შემდეგ, სადაც ნატოს მხრიდან ოლქის საზღვართან ძალების მობილიზების გამო რუსებმა ახალი მოტო-მსროლელი დივიზია განალაგეს, რუსული სამხედრო მუშტი ყირიმშიც გაძლიერდება.
ამის გამო ეუთოს შტაბ-ბინაში, ვენაში, უკრაინის მისიამ ატეხა ხმაური – როგორც ჩანს, უკრაინელებს ეს დავალება დასავლეთის სპეცსამსახურებმა მისცეს. სწორედ ისინი არიან რუსეთის შეიარაღებული ძალების ყირიმში მობილიზებით შეშფოთებულნი. უკრაინული მისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ყირიმში გაძლირებულ იქნება შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში მყოფი 22-ე არმიის კორპუსი, რომელიც ბევრად უფრო მძლავრ, საერთო-საჯარისო არმიად გარდაიქმნება. საამისოდ რუსი სამხედროების რაოდენობა ყირიმის ნახევარკუნძულზე 10 ათასი კაცით, ხოლო შეიარაღებებისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა 1,5 – 2-ჯერ მოიმატებს.
ყირიმსა და სევასტოპოლში აქამდე განლაგებულნი არიან: რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდები, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის 31-ე დივიზია, 27-ე შერეული საავიაციო დივიზია, სანაპირო დაცვის 126-ე ბრიგადის შვიდი ბატალიონი, მე-8 საარტილერიო პოლკის დივიზიონები და 22-ე კორპუსში შემავალი 1096-ე საზენიტო სარაკეტო პოლკები. გარდა ამისა, არიან მესაზღვრეები, რომელთა დასახმარებლად პერეკოპის ნახევარკუნძულზე, საჭიროების შემთხვევაში, მყისიერად გაჩნდებიან საზღვაო ქვეითთა 810-ე ცალკე ბრიგადის ხუთი ბატალიონი და იქვე, ჯანყოიში მდგარი ნოვოროსიისკის მე-7 სამთო-სადესანტო მოიერიშე დივიზიის 97-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკი.
სევასტოპოლში ცალკე კიდევ არის 127-ე სადაზვერვო ბრიგადა – რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს სპეციალური დანიშნულების შენაერთი, რომელთაც ემატებათ ბახჩისარაიში მდგარი 133-ე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცალკე ბრიგადა და „როსგვარდიის“ ძალები, რომლებიც ზღვიდან და ხმელეთიდან სტრატეგიული დანიშნულების ქერჩის ხიდს იცავენ.
ნატოს „მოუსვენრობამ“ რუსებს უბიძგა, დაეჩქარებინათ ისედაც ძლიერი სამხედრო შენაერთების კიდევ უფრო გაძლიერება – ზემოთ ჩამოთვლილ ჯარებს აკლდათ მოტორ-მსროლელები, რომლებიც გრძელვადიანი, უკომპრომისო პოზიციური ბრძოლებისთვის არსებობენ. მართალია, რუსეთს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია საერთო-საჯარისო არმიის შექმნა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გეგმები არსებობს და უახლოეს ხანებში დადასტურდება. ამის შესახებ რუსულ პრესაშიც გამოჩნდა სამხედრო ექსპერტების მოსაზრებები. —