კორონავირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა იმის მტკიცებულება, თითქოს ის უფრო მომაკვდინებელია, არ არსებობს

ნიდერლანდებში, დანიასა და ავსტრალიაში გამოვლენილია კორონავირუსის ახალი შტამი.

მანამდე ეს დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

გარდა ამისა, SARS-CoV-2–ის ახალი ვარიანტის გამოვლენის შესახებ იუწყება იტალიის ჯანდაცვის სამინისტროც. ირკვევა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი რომში დიდი ბრიტანეთიდან ჩაფრენილმა ინფიცირებულმა შეიტანა, რომელიც ახლა თავის პარტნიორთან ერთად იზოლაციაშია გადაყვანილი.

ამასთან ჯანმო აცხადებს, რომ ორგანიზაცია მჭიდრო კონტაქტშია დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან COVID-19–ის ახალ ტიპთან დაკავშირებით და პირობას დებს, რომ საზოგადოებას ყველა ინფორმაციას მიაწვდის მისი მახასიათებლების შესახებ.

15 დეკემბერს ჯანმოს სპეცწარმომადგენელმა დევიდ ნაბარომ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსი SARS-CoV-2-ის ახალი მუტაცია, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, უფრო გადამდებია, მაგრამ მთლიანობაში დაავადების საშიშროების დონის სტრუქტურას არ ცვლის.

„ის უფრო გადამდებია, მაგრამ, როგორც ჩანს, საშიში არაა“, — აღნიშნა მან.

ამასთან მაშინ ჯანმოში ხაზი გაუსვეს, რომ სპეციალისტები ყურადღებით აკვირდებიან, გამოავლენს თუ არა ახალი მუტაცია ანტისხეულების გამანეიტრალებელ ცვლილებებს.

ევროპის ქვეყნებმა დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს>>

კიდევ უფრო ადრე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთიუ ჰენკოკმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი მის საწყის ფორმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა იმის მტკიცებულება, თითქოს ის უფრო მომაკვდინებელია, არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, კორონავირუსის ახაი შტამის გავრცელების შეჩერების მიზნით, გუშინ დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა სრულად შეაჩერა.

“სპუტნიკი”