ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, „ალიას“ ესაუბრება, ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი.
– ბატონო გია, შეაფასეთ „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტი, როგორც მოვლენა, ქართული პოლიტიკის ისტორიაში. ერთპარტიული პარლამენტი დამოუკიდებელ საქართველო არ ჰყოლია. არა მხოლოდ ბოლო 30-წლიან დამოუკიდებლობას ვგულისხმობ. ერთი საუკუნის წინანდელი, 1918–1921 წლების პარლამენტიც კი მრავალპარტიული იყო.
– ეს, შეიძლება ითქვას, მისტიკური, მაგრამ კანონზომიერი მოვლენაა. გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლის მართვის ფილოსოფია, აბსოლუტურ ძალაუფლებას გულისხმობს. აბსოლუტურ ძალაუფლებას რომ ფლობ, არც არავინ ხმაურობს, არც არავინ სვამს კითხვებს, ამას და იმას რატომ აკეთებ და როგორ აკეთებ? ან რატომ არ აკეთებ? ბიძინა ივანიშვილს უყვარს ასეთი რუტინული ადგილები, დენდროპარკები და ა.შ. უნდა ითქვას, რომ დღევანდელი პარლამენტიც ერთგვარი დენდროპარკია მისთვის, სადაც ჩიტების ჭიკჭიკის მეტი, არაფერი ისმის და სრული რელაქსაციისთვის, იდეალური პირობაა შექმნილი. შეიძლება, ივანიშვილს არც უნდოდა ცნობიერში, რაც მოხდა და რაც გააკეთა, ყველა სიმახინჯე, რასაც აკეთებს, მაგრამ ქვეცნობიერი აქეთ ექაჩება და ასეთ კონსტრუქციებს აშენებინებს და ააშენა კიდევაც.
– რისი იმედი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, არჩევნებს რომ აყალბებდა? იმას ხომ არ ფიქრობდა, ზოგიერთები მანდატებს დახარბდებოდნენ და შევიდოდნენ პარლამენტში, ვინც გააპროტესტებდა შედეგებს, მათ იყიდდა, ოპოზიციურ პარტიებს შეიყვანდა პარლამენტში და ასე შერჩებოდა გაყალბება?
– ბიძინა ივანიშვილი საერთოდ მოქმედებს ტაქტიკური სვლებით. სტრატეგიას არასდროს გეგმავს. გამომდინარე იქიდან, რომ მის ხელშია ძალაუფლების ყველა რესურსი, ვერც კი წარმოუდგენია, რომ ტაქტიკურად წააგოს. შესაბამისად, ამ რესურსებით, მაქსიმალურად მანიპულირებს და არც ერთ ინსტრუმენტზე არ ამბობს უარს ამ გზაზე. ტაქტიკურ შედეგს აღწევს კიდევაც. მისი ამოცანა იყო, ნებისმიერ ფასად ძალაუფლების დე ფაქტო შენარჩუნება და ამას მიაღწია. სხვა ამოცანები არც ჰქონია, მას გრძელვადიანი გეგმები არც გააჩნია. ის ფიქრობს, რომ დღეს აქვს პრობლემა და თუ ამ, სადღეისო პრობლემას გადაჭრის, ყველაფერი რიგზე იქნება. ხვალინდელ პრობლემაზე ხვალ იფიქრებს. თუმცა, ვაღიაროთ, რომ ტაქტიკურად ბევრი იშრომა. არჩევნების ჩაბეტონება მარტო იმით კი არ მოახერხა, რაც არჩევნებზე ხდებოდა, არამედ, შექმნა გარკვეული განწყობები ჩვენ უცხოელ პარტინიორებში, უცხოელებმა ლეგიტიმაცია მისცეს, პირდაპირი თუ ირიბი, ამ გაყალბებული არჩევნების შედეგებს –ერთპარტიულ პარლამენტს. ამაზე ძალიან ბევრი გარემოება მოქმედებდა, თუ რატომ გააკეთეს ეს. საბოლოოდ, მოკლევადიან გამარჯვებას მიაღწია.
– ალეკო ელისაშვილი და მისი პარტიის, „მოქალაქეების“ მეორე ნომერი, ლევან იოსელიანი პარლამენტში შესვლას აპირებენ, როგორც ამბობენ, თუმცა, ცნობილია, რომ ორივე ამ არჩევნებს გაყალბებულად აცხადებს. ელისაშვილი ამერიკის სალჩოში, სხვა ოპოზიციონერებთან ერთად, ხელისუფლების წევრებთან მოლაპარაკებებზეც დადიოდა და ამ მოლაპარაკების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნები იყო. ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილებით, გამოდის, რომ არჩევნები კი გაყალბდა, მაგრამ რამდენი მანდატიც გადმომიგდო ბიძინა ივანიშვილმა, იმას ავიღებო? მე ასე დავინახე.
– პოლიტიკაში ხდება მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და მერე პასუხისმგებლობა უკვე შენზეა. საბოლოოდ, საზოგადოება განსაზღვრავს შენ ადგილს პოლიტიკაში, შენი გადაწყვეტილებების მიხედვით. ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში შესვლა რომ გადაწყვიტა, მე ამის განხილვას არ ვაპირებ. ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას – არა და ელისაშვილს მოუწევს ამის ზიდვა. თუმცა, რაც ამის პარალელურად აკეთა ელისაშვილმა, ის იყო ყოველგვარი ეთიკის მიღმა. დაიწყო მედიით ლაპარაკი, რომ „ლელო“ ასე ფიქრობს, „აღმაშენებელი“ ისე ფიქრობს, ვაშაძემ ეს თქვა დახურულ შეხვედრაზე და ხაზარაძემ ის თქვა და ა.შ. ეს არის უღირსი საქციელი. ყველა თვითონ იტყვის თავის პოზიციას. რა უფლება აქვს, რომ ახდენდეს ტრანსლირებას იმ ადამიანებისას, რომელთაც ჯერ არ სურთ ამ თემებზე საუბარი? მოვა დრო და ამაზე თავადვე ილაპარაკებენ. თანაც, რამდენადაც ვიცით, დათქმა იყო, რომ ოპოზიცია, გარკვეული დროის მანძილზე, არ გამოიტანდა გარეთ ერთმანეთთან მოლაპარაკებების დეტალებს. ბოკერია ბნელიაო, ახლა იძახის ელისაშვილი. კი, ბოკერია რომ ბნელია, ამის გაგება შეიძლება, მაგრამ იმ ბოკერიასთან ერთად იჯდა მოლაპარაკებების დროს, ერთ ოპოზიციურ გუნდში თუ ერთობაში იყვნენ, საერთო მიზნებით. მაშინ არ იყო ბნელი? ერთ დღეში როგორ აღმოაჩინა, რომ ბნელია? ბოკერიას თავი დავანებოთ. მამუკა ხაზარაძეზე საერთოდ წარმოუდგენელი რაღაცები ილაპარაკა, თითქოს ხაზარაძეს ომი უნდაო. ახლა ეს ტყულია და ამას არავინ დაიჯერებს. შიდა საუბრები რომ გამოგაქვს, ჯერ რა კაცური საქციელია და მერე, ამ ხალხის ნათქვამს რომ ამახინჯებ და სხვა ინტერპრეტაციას აძლევ, ეს კიდევ მეორე უბედურებაა. ალეკო ელისაშვილს პატივს ვცემდი და პერსპექტიულ ადამიანად მიმაჩნდა, მაგრამ დღეს მისი საქციელი აბსოლუტურად მიუღებელია. არა იმიტომ, რომ შედის პარლამენტში, არამედ იმის გამო, როგორ საუბრობს იმ ადამიანებზე, რომლებიც სუფთა ფურცლიდან იწყებენ პოლიტიკურ საქმიანობას, გიგა ბოკერიაზე არ ვსაუბრობ. ყველას გადაუარა. გადავლაც შეიძლება და კრიტიკაც, მაგრამ ეს კორექტულად უნდა გააკეთო. მამუკა ხაზარაძე თურმე გიგა ბოკერიას მძევალი ყოფილა. უცოდველი არავინ არის, მაგრამ ხაზარაძე ყველაზე ნაკლებად იყო პოლიტიკაში ინტეგრირებული და თუ ვინმემ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა, ერთ–ერთი ის არის. მიუხედავად იმისა, მას რომ დაპირისპირება ჰქონდა მიშა სააკაშვილთან, ელისაშვილს არ დაესიზმრება და ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებაზე აღარაფერს ვამბობ, საციხედ გაიმეტა უდანაშაულო კაცი.
– პარლამენტში რომ შესულიყო ოპოზიცია, რა შედეგს მიაღწევდა? ამით გაყალბებულ არჩევნებს არ აღიარებდა?
– არა, პარლამენტში შესვლით არ აღიარებდნენ არჩევნების შედეგებს. მათ უნდა ეთქვათ მარტივად – ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, მაგრამ გამომდინარე იმ რთული ვითარებიდან, რაც ქვეყანაშია შექმნილი, ჩვენ ვაღიარებთ დე ფაქტო მდგომარეობას, ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში, მაგრამ შევდივართ პარლამენტში ერთადერთი მიზნით –შეიქმნას საპარლამენტო–საგამოძიებო კომისია არჩევნებთან დაკავშირებით, გამოვიძიოთ ყველა გარემოება, დავდოთ საბრალდებო დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე, დავსვათ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი. ეს ინსტრუმენტი, დეპუტატის მანდატები, უნდა გამოეყენებინათ საამისოდ. პლენარულ სხდომებზე არ ევლოთ, ბოიკოტის რეჟიმში ყოფილიყვნენ და მხოლოდ საგამოძიებო კომისიის სხდომებზე მისილიყვნენ, ამ კომისიის ფარგლებში ემუშავათ. დაკითხავდნენ პარლამენტში ცსკო–ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, ცსკო–ს სხვა წევრებსა და გაყალბებაში ეჭვმიტანილ პირებს. მოახდენდნენ სისხლის სამართლებრივი დევნის ინიცირებას იმ ხალხის მიმართ, ვინც ოქმები გადააკეთა, ხელმოწერები გააყალბა, ზედმეტი ბიულეტენები ჩაყარა და ა.შ. ეს იქნებოდა ერთი დიდი საჯარო პროცესი, რომელიც ნათელს მოჰფენდა ყველაფერს, გაყალბების ყველა დეტალი, მექნიზმი იქნებოდა გაშიფრული და ამ მრავალტომიან დასკვნას დაუდებდნენ უცხოელებს. დადასტურდებოდა არჩევნების გაყალბება, დამნაშავენი დაისჯებოდნენ და ხელისუფლებას სხვა გზა არ დარჩებოდა, დანიშნავდა ახალ არჩევნებს. თუ ხელისუფლება მაინც არ წამოვიდოდა ვადამდელ არჩევნებზე, უკეთესად შეიარაღებულ ოპოზიციას მერეც შეეძლო ქუჩაში გასვლა. ახლა კი, ქუჩაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება, გარკვეულწილად ბუნდოვანი განვითარებით არის, მაღალი რისკის ზონაში შევდივართ და შედეგების პროგნოზირებაც ძნელია.
ალია