როგორ გავაკონტროლოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის რჩევები კოვიდპაციენტებს

„სასურველია, ინფიცირების პირველივე დღიდად კოვიდ-დღიური აწარმოოთ, სადაც აღრიცხავთ ყველა იმ სიმპტომს, რასაც შეამჩნევთ, განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ ახალ სიმპტომებს და მიანიშნეთ გამოვლენის თარიღი. ჩაინიშნეთ პულსაციის მაჩვენებელი”, – ამის შესახებ ექიმმა ნანა გეგეჭკორმა “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.

ექიმი ურჩევს ინფიცირებულ პაციენტებს, რომ თავადაც აკონტროლონ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა გართულების შემთხვევაში ექიმს დაავადების პროგნოზირება გაუადვილდეს.

როგორც ექიმი ნანა გეგეჭკორი ამბობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაკონტროლებლად ინფიცირებულ პაციენტებს სატურაციისა და პულსოქსიმეტრის აპარატები დასჭირდებათ.

„თუ ხელი მიგიწვდებათ, სატურაციის განმსაზღვრელ აპარატზე, კარგი იქნება, თუ მასაც გაიზომავთ, ხოლმე. ეს დაავადების პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს და ექიმს აძლევს შესაძლებლობას განსაზღვროს, თუ როგორ განვითარდება ამ პაციენტში დაავადება…

ძალიან მნიშვნელოვანია პულსოქსიმეტრის აპარატის სწორად გამოყენება, ინსტრუქცია შეფუთვაზეც უნდა ეწეროს. არის შემთხვევები, როცა მოგვმართავენ და გვეუბნებიან, რომ სატურაცია აქვთ 88. სინამდვილეში, ეს არასწორად გაზომვის შედეგია. მნიშვნელოვანია, გაზომვისას თითები გქონდეთ თბილი”, – განაცხადა ექიმმა.