ე.წ. “სახალხო გენინსპექციის” წარმომადგენლებმა დღეს აჭარის პროკურატურას განცხადებით მიმართეს და კონკრეტული პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესწავლა მოითხოვეს, რომლებიც, მათი განცხადებით, სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და ფიზიკურად ძალადობენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერისა და „სახალხო გენინსპექციის“ ხელმძღვანელი ბონდო თედორაძის განცხადებით, პოლიციელები, ირაკლი ჭედიშვილი და რეზო ხარაზი, აქციაზე მყოფ ოპოზიციის მხარდამჭერებს სიტყვის თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობას უზღუდავენ და უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ.
“პროკურატურაში წარვადგინეთ ვიდეო მტკიცებულებები, თუ როგორ უსწორდებიან პოლიციელები აქციის მონაწილეებს. ისინი ძალადობენ და გვიზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას. უკანონოდ აკავებენ აქციის მონაწილეებს. ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს და მსგავს ფაქტებს კვლავ გამოვავლენთ” – განაცხადა ბონდო თედორაძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან 48 დღეა აქციას მართავს.
წყარო: report.ge