გორში „კომუნისტური პარტიისა“ და საზოგადოება „სტალინელების“ წევრებმა საბჭოთა ბელადის, სტალინის დაბადების 140-ე წლისთავი მსვლელობით აღნიშნეს.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სტალინელები თავდაპირველად ბელადის მუზეუმთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი საბჭოთა სიმბოლიკიანი დროშებითა და სტალინის პორტრეტებით მთავარი მოედანზე გადაინაცვლეს. მათ კიდევ ერთხელ მოითხოვეს 2010 წელს აღებული სტალინის ძეგლის ქალაქის ცენტრში დაბრუნება.
იოსებე ბესარიონის ძე ჯუღაშვილი (სტალინი) 1878 წლის 21 დეკემბერს, გორში დაიბადა. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ კი თბილისის სასულიერო აკადემიაში, საიდანაც ის მარქსისტული იდეების პროპაგანდისთვის გარიცხეს. ცენტრალური კომიტეტის მდივნად იოსებ ჯუღაშვილი 1922 წელს რამდენიმე გადასახლებისა და აქტიური ბოლშევიკური მოღვაწეობის შემდეგ აირჩიეს.
1935-38 წლებში სტალინის მიერ გატარებულ რეპრესიებს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. მის დამსახურებას მიაწერენ მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერის არმიის დამარცხებას. მინიჭებული აქვს გენერალ სიმუსისა და საბჭოთა კავშირის გმირის წოდებები. სტალინი 1953 წელს გარდაიცვალა. ის მოსკოვში, კრემლის გალავათან არის დასაფლავებული.
სტალინის დაბადებისა და გარდაცვალების დღეს გორში ყოველ წელს აქცია-მსვლელობით აღნიშნავენ.