24 დეკემბრიდან სასტუმროების რესტორნები მხოლოდ 21:00 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზია, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი ცდილობს მოთხოვნების გვერდის ავლას და საახალწლო საღამოების მოწყობას.
„მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით სათხილამურო კურორტების გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის. აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა.
სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი ცდილობს ამ მოთხოვნების გვერდის ავლას და საახალწლო საღამოების მოწყობას. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00 საათამდე, ხოლო 21:00 საათიდან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
წყარო: itv.ge