ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ თურქეთის ორმა უმსხვილესმა ბანკმა ადგილობრივი ეროვნული ბანკის (APRA) “World” ბარათების მომსახურება დაიწყო. საუბარია Is Bank-სა და Ziraat Bank-ზე, რომლებსაც ფილიალები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც აქვთ.
აფხაზური გამოცემა წერს, რომ APRA “World-ის” ბარათს ემსახურებიან რუსეთში, ბელარუსში, უზბეკეთში, სომხეთსა და თურქეთში.
როგორც Is Bank-ის ვებგვერდზეა აღნიშნული, ბანკს საქართველოში სულ ორი ფილიალი და ოთხი ბანკომატი აქვს — ბათუმსა და თბილისში. რაც შეეხება Ziraat Bank-ს, ვეგბვერდზე მითითებულია, რომ ბანკი ქუთაისსა და ბათუმში ორ ფილიალს ფლობს.
თურქული ბანკების მიერ აფხაზური ბარათების მომსახურებასთან დაკავშირებით On.ge-მ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. გარდა ამისა, ჩვენ დავუკავშირდით Is Bank-სა და Ziraat Bank-ების ქართულ ოფისებს, საიდანაც პასუხებს ასევე ველოდებით.