„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე „2020NEWS“-თან „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, განცხადებას, ოპოზიციისთვის პარტიული დაფინანსებების შეწყვეტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციიდან ჩახსნის თაობაზე, პასუხობს.
-ამ კანონპროექტს „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს. ამისათვის გამბედაობა არ ეყოფათ, რადგან ეს არის პირდაპირი რეპრესიები პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, რასაც ძალიან სერიოზული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვება. კანონს ვერ ექნება უკუქმედების ძალა და შესაბამისად, ვერ განხორციელდება. დიდი უგუნურობაა ხელისუფლების მხრიდან, მსგავსი მცდელობები, თუმცა, როდესაც ყველა ინსტიტუტი უზურპირებულია ერთი ადამიანის მიერ, სხვა მოლოდინი არც უნდა გვქონდეს.
„ქართული ოცნება“ ამომრჩეველს იმ უფლებას უზღუდავს, რომ პარტიები დააფინანსონ. მათ რა გონიათ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ბიძინა ივანიშვილი ან „ქართული ოცნება“ აფინანსებს?! არა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის.
არც ბიძინა ივანიშვილის კეთილი გულისა და მოწყალების დამსახურება არ არის პარტიების დაფინანსება, ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა! საზოგადოება აფინანსებს პარტიებს, რადგან არ გაიყიდონ, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და დაიცვან ამომრჩევლის ინტერესები ხელისუფლებასთან, რათა მათ ყველაფერი არ მიითვისონ.
ოპოზიციური პარტიები დაბალანსებელი ძალაა ყველგან და დემაგოგიური მიბმა პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხთან, არასწორია. მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება აქვთ შეწყვეტილი.
ეს არის შანტაჟი, ან დაყოლიება, მოლაპარაკებების პროცესის პარალელურად, ან პირიქით, ისინი ცდილობენ, რომ ეს მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ჩაშალონ. მგონი, მათ ერთპარტიული პარლამენტის მიღება სურთ. იმდენსაც ვერ ხვდებიან და ვერ აზროვნებენ, თუ სადამდე მიიყვანს ქვეყანას „ქართული ოცნების“ პარლამენტი.
ეს არის სისულელე! არასერიოზულობა… ეს არ მოხდება დამიჯერეთ. ასეთი რამ ჩრდილოეთ კორეაში ან კუბაშიც არ მოხდება, გამორიცხულია. „ქართული ოცნება“ ამას ვერ მოახერხებს. ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ რეგისტრაციიდან ვერ მოხსნის.