ესპანეთში მათ, ვინც ვაქცინაციაზე უარს აცხადებს ცალკე დაარეგისტრირებენ

კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინაცია ესპანეთში 27 დეკემბერს დაიწყება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება, მაგრამ მათ ვინც პროცედურაზე უარს იტყვის, ცალკე დაარეგისტრირებენ.

„იმ ადამიანების სახელი და გვარი, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს ამბობენ ანონიმური არ იქნება, სახელმწიფო მათ ცალკე დაარეგისტრირებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯანდაცვის მინისტრმა, სალვადორ ილამ დაარწმუნა ესპანეთის საზოგადოება, რომ ვაქცინა ეფექტურია კოვიდის ახალი შტამის მიმართაც.

მათ, ვინც ვაქცინაციაზე თანახმაა, პირველ რიგში სიტყვიერი თანხმობა უნდა განაცხადონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამის გაკეთება აუცილებელია წერილობით, მაგალითად, როდესაც საქმე ეხება ბავშვების ვაქცინაციას სკოლებში, როდესაც მშობლები ან მეურვეები არ იმყოფებიან.

ცნობისთვის, კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა. მის სამკურნალოდ ვაქცინა უკვე შექმნილია და ქვეყნებმაც დაიწყეს გამოყენება.