შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს ერთ წელიწადში მოხდა 2160 ყაჩაღობა, წელს კი 135 შემთხვევა დაფიქსირდა.
მისი თქმით, იგივე ვითარებაა გამოძალვის და ძარცვის შემთხვევაშიც.
“სულ ყოველთვის არის საუბარი, რომ იმატა დანაშაულმა, დაიქცა ქვეყანა, დავბრუნდით 90- იან წლებში. ხშირად მაქვს გაკეთებული კომენტარი, რომ ეს არ არის ასე. სტატისტიკა საჯაროა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნახოს, თუმცა არა, დარწმუნებული ვარ, შესულებიც არიან, ნანახიც აქვთ 10 000-ჯერ, შეკრებილი და შეჯამებულიც აქვთ, თუმცა არ უნდათ, დაიქცა ქვეყანა, ასეა საჭირო.
ჩემს გამოსვლაშიც აღვნიშნე, მაგალითად, ყაჩაღობის 42%-იანი კლების მაჩვენებელი არის ძალიან დიდი ციფრი. თვალსაჩინოებისთვის მინდა ერთი-ორი სიტყვით გითხრათ: 2006 წელს დაიწყო სტატისტიკის წარმოება, ბატონი ვანო მერაბიშვილის დროს, როცა მინისტრი ბრძანდებოდა. იმ წელს, ერთ წელიწადში მოხდა 2160 ყაჩაღობა და დღეს გაქვს 135 შემთხვევა, შარშან იყო 152 შემთხვევა. იგივე, 2007 წელს იყო 1208, 1008, 700. ეს ჩვენი შევსებული არ არის. ეს არის მათივე შევსებული და დღეს ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90 -იანი წლები, დაიქცა ქვეყანა მაშინ, როცა ჩვენს დროს მაჩვენებელი ძალიან დაწეულია. იგივე შემიძლია ვთქვა, გახსნის მაჩვენებელი რომ იყო 35-40%. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი დაწერილი არ არის, სტატისტიკა დევს, შეგიძლიათ შეხვიდეთ, ნახოთ. გახსნის მაჩვენებელი დღეს არის 70%, 71%, 65 % , ვსაუბრობ 2018, 2017, 2016 წლის მაჩვენებელზე. ეს არის მათი უბედურება, არ უნდათ დანახვა. მხოლოდ ყაჩაღობის მაგალითი მოვიყვანე ახლა. იგივე ვითარებაა გამოძალვის და ძარცვის შემთხვევაშიც. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ჩვენ გვეუბნებიან, რომ დაიქცა ქვეყანა, 90- იანი წლები დაბრუნდა და ა.შ. სამწუხაროა, ასე რომ უდგებიან“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.