მოქალაქეებმა კანონში ხარვეზების ძიების ნაცვლად, ჯობია პირბადე ატარონ და დაემორჩილონ ჩვენს მიერ მიღებულ ახალ წესებს – მაია ცქიტიშვილი
მოქალაქეებმა კანონში ხარვეზების ძიების ნაცვლად პირბადე უნდა ატარონ – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
“იურიდიული მუხლების წიაღებში ნუ შევალთ, მაგრამ პირველი, ჩვენი მთავრობის დადგენილებით, დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის კანონის ფარგლებში დადგენილი გვაქვს პირბადეების რეგულაცია, გვაქვს სრული უფლება, იმისა რომ გამოვიყენოთ საჯარიმო სანქციები, რომელსაც დღეის მდგომარეობით იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა რადგანაც ჩვენ 1-ლი იანვრიდან ვაახლებთ ამ კანონის მოქმედებას, შესაბამისად ამ კანონში გაიწერება ეს სანქციაც, არავითარ კაზუსთან არ გვაქვს საქმე და მეორე კომენტარსაც ვიტყვი, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს დაინტერესებული არა მთავრობის დადგენილებაში ან კანონში ხარვეზების ძიებით, არამედ იმით, რომ პირბადე ატაროს უკლებლივ ყველა მოქალაქემ” – განაცხადა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ცნობილია, რომ 24 დეკემბრიდან ბაზრობები არ გაიხსნება.
ამასთან, დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრები 24 დეკემბრიდან სპეციალური წესებით გაიხსნება.
წყარო: bm.ge