მინისტრობის კანდიდატების მოსმენითა და სამთავრობო პროგრამის განხილვით გაგრძელდება დღეს საკანონმდებლოო ორგანოში მუშაობა. კანდიდატებს დეპუტატები ამჯერადაც საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა საკმაოდ მრავლისმომცველი და მნიშვნელოვანია.
“4 ძირითადი მიმართულება არის გამოკვეთილი ამ პროგრამაში. ეს ეხება საგარეო პრიორიტეტებს, რომელიც გულისხმობს გაერთიანებას, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სვლას და ევროკავშირის სვლას. ამავდროულად ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართულ მთელ რიგ ნაბიჯებს და ღონისძიებებს, ეკონომიკის აღორძინებას, სწრაფ განვითარებას – ეს ის ძირითადი მიმართულებები არის, რაზეც იქნება ორიენტირებული მომავალი წლების განმავლობაში სწორედ მთავრობის მუშაობა,” – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
ხვალ მინისტრობის კანდიდატებთან ერთად ფრაქციის სხდომაზე უკვე გიორგი გახარიას ელოდებიან. ხუთშაბათს დეპუტატებმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადოს.
“ეს არის სამთავრობო პროგრამა, რომელიც არის წარმოჩენილი თუ როგორ ვგეგმავთ ჩვენ მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარებას. ეს ეხება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ყველა მიმართულებას, როგორც საშინაო, საგარეო. კომიტეტები მოუსმენენ შესაბამის მინისტრებს და ბუნებრივია ამ პროცესში უამრავი კითხვა ჩნდება მინისტრებთან მიმართებაში. მთავრობის დაკომპლექტება მოხდება ისე, როგორც კონსტიტუცია ითვალისწინებს,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი გიორგი კახიანი.
“რუსთავი2”