ფული, რომელსაც მილიონობით საბჭოთა მოქალაქე შემნახველ ბანკებში აგროვებდა, ვიღაცის ჯიბეში აღმოჩნდა.
ფული ჯერ კიდევ 3 ათეული წლის წინ დოლარებზე გადაცვალეს და ოფშორებში გადაქაჩეს, მაგრამ ამ ადამიანების წინაშე მაშინ სახელმწიფომ გარკევული ვალდებულება მაინც აიღო, რადგან ბანკი საიდანაც ფული მოიპარეს, სახელმწიფო იყო.
მათი ვალდებულებები ჯამში 672 მლნ ლარის ოდენობით 90-იანი წლებიდან მოყოლებული სახელმწიფო ვალის სტატისტიკაში შეიყვანეს.
კორონავირუსის პანდემიის გამო უკვე დღეს საქართველოს მთავრობამ 6 მლდ ლარამდე ახალი სესხი აიღო.
თავის მხრივ, ლარის გაუფასურებამ ქვეყნის საგარეო კრედიტები კიდევ რამდენიმე მილიარდით გაზარდა, შესაბამისად მომავალ წელს ვალების ფარდობა ეკონომიკასთან 61%-ს მიაღწევდა და ამით დაირღვეოდა კონსტიტუციური ზღვარი, რომლის მიხედვით, ეს ციფრი 60%-ს არ უნდა გადასცდეს.
მთავრობამ მარტივი გამოსავალი მონახა და ისევ ყველაზე დაუცველების ხარჯზე. საბჭოთა ანაბრები სახელმწიფო ვალიდან ამოიღეს და პირობით ვალდებულებებში გადაიტანეს. ანუ, მათ გადახდაზე სახელმწიფომ ტექნიკურად უარი თქვა.
სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც წლებია საბჭოთა ანაბრების თემატიკას სწავლობენ სახელმწიფოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და მიაჩნიათ რომ მთავრობას მცირედით, თუნდაც სოციალური პაკეტებისა და დამატებითი შეღავათების სახით მაინც უნდა შეეთავაზებინა მისი გაძარცვული მოქალაქეებისთვის.