შემოვა თუ არა საქართველოში რუსული ვაქცინა – ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

ჟურნალისტის კითხვას, შეიძლება თუ არა საქართველოში რუსული ვაქცინაც შემოიტანონ, ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ რუსული ვაქცინის შემოტანა არ განიხილება.

მისივე თქმით, რუსული ვაქცინა “კოვაქს” ფონდში მონაწილეობს და თუ მისი ეფექტურობა მსოფლიოს მიერ იქნება აღიარებული, მხოლოდ ამის მერე შეიძლება ამ თემის განხილვა.

“რუსული ვაქცინა არ განიხილება, თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ რუსული ვაქცინა მონაწილეობს კოვაქს ფონდში და იმის მიხედვით თუ ის აღიარებული იქნება მსოფლიოს მიერ, მაშინ შესაძლებელია არა მხოლოდ საქართველო, არამედ სხვა ქვეყნებიც გახდნენ ამის მომხმარებლები, თუმცა ამ ეტაპისთვის ამის განხილვები არ მიმდინარეობს”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველო კოვაქს-პლატფორმასთან თანამშრომლობს, რომელიც 2021 წლისთვის სხვადასხვა ვაქცინის მილიარდობით დოზას შეიძენს. ერთ-ერთ ვაქცინას კი საქართველოში შემოიტანენ.