ძალიან ცუდია, რომ ასეთი დარღვევები ადამიანის გაჭირვებით გავამართლოთ

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სახელმწიფო მიწებზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უკანონოდ შენობა-ნაგებობების განთავსება კატეგორიულად მიუღებელია, რასაც თბილისის მერია არ დავუშვებს.

როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონი ლარი იხარჯება იმისთვის, რომ ოჯახები ქუჩაში არ დარჩნენ.

„კიდევ ერთხელ მინდა შევეხო სახელმწიფო ქონებების მიტაცების ფაქტებს. 18 დეკემბერს მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ დედაქალაქის მერიაში გამართა ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ აღმოჩენილი იყო კიდევ ერთი ლოკაცია, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობდა სახელმწიფო მიწებზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება, რაც ძალიან ცუდია. მინდა კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, რომ თბილისის მთავრობის კანონიერი ვალდებულებაა, სახელმწიფო ქონება დავიცვათ მიტაცებისგან და შემდეგ, უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებისგან. დაუშვებელია ასეთი სამართალდარღვევა გავამართლოთ, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში ვისმენდით. ძალიან ცუდია, რომ ასეთი დარღვევები ადამიანის გაჭირვებით გავამართლოთ. ძალიან კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, ვისაც მართლაც უჭირს და სერიოზული პრობლემები გააჩნია. თუმცა, შემთხვევით არ არის ის, რომ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი სწორედ გათვალისწინებულია იმ მიმართულებით, რომ ჩვენ დავეხმაროთ იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც დღეს ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. მომავალ წელს 350 მილიონი დაიხარჯება ამ მიმართულებით. როდესაც მიმდინარეობს ბიუჯეტზე მუშაობა, შედგენა, პირველი, რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ ამ მიმართულებით განისაზღვროს ის პროგრამები და ხელშემწყობი ღონისძიებები, რომელიც უნდა განხორციელდეს, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ. თუმცა, ქონების უკანონოდ მიტაცება დ მასზე უკანონოდ შენობა-ნაგებობების განთავსება კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. არ დავუშვებთ იმიტომ, რომ ხვალ შეუძლება ვიღაცამ კერძო საკუთრებაში განათავსოს ასეთი შენობა-ნაგებობა და თქვას, რომ ეს ჩემი საცხოვრებელი ადგილიაო. ეს დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია და ვერ დავუშვებთ. თუ ადამიანს თავშესაფარი უჭირს, ეს მისი მხრიდან სახელმწიფო ქონების მიტაცებას ან უნებართვო მშენებლობის განხორცელებას ვერ გაამართლებს. იმ ოჯახებს, ვისაც სხვადასხვა პრობლემები შეექმნათ და სახლის გარეშე დარჩნენ, დედაქალაქის მერიას აქვს სპეციალური პროგრამა, ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონი ლარი იხარჯება იმისთვის, რომ ასეთ ოჯახებს დავეხმაროთ და ქირით გავიყვანოთ, რომ ისინი ქუჩაში არ დარჩნენ “,-განაცხადა კალაძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო მიწებს უკანონოდ იტაცებენ, სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში, მათ შორის თბილისში სახლებს ფლობენ.

 

“ინტერპრესნიუსი”