თბილისის მერი კ. კალაძე, სამწუხაროდ, არ იშლის თავის აგრესიულობას, ღარიბ ხალხთან პაექრობას და მდიდრების ინტერესების გატარებას. მისი კომენტარები “აფრიკაში” სახლებდანგრეულ მოსახლეობასთან დაკავშირებით, აღსავსეა ცინიზმით.
კალაძის თვითპიარის შედეგად, ერთი კარგი საქმე მაინც გაკეთდა – უღარიბესი ოჯახი ბინით დაკმაყოფილდა.
თურმე, ნუ იტყვით, დანგრეულ “სახლებში” (ძნელია, მათ სახლები ვუწოდოთ, უფრო ზუსტი განსაზღვრება იქნება- მიწურებში) არავინ ცხოვრობდაო. გარდა ამისა, ყველა მათგანს ბინები და სახლები “ჰქონია”. ასე “მოქექა” კალაძის პიარ-სამსახურმა (ნეტავ, რამდენ ფულს ხარჯავს კალაძე თავის პიარში?! – ეს ისე, ბუნებრივად გაჩნდა კითხვა!) მოქალაქეების მონაცემები, საიდანაც თითქოს დასტურდებოდა, რომ მათ უძრავი ქონება საკმარისად ჰქონდათ – მიწის ნაკვეთი რომელიღაც სოფელში, ერთ-ერთის მამას კი რამდენიმე ბინა ჰქონია გაფორმებული. მაგრამ “კალას” მიერ სახელმწიფო ხარჯზე დაფინანსებულ “პიარშიკებმა” ვერ გაითვალისწინეს, რომ ამ ადამიანის მამა, რომელსაც რამდენიმე ბინა აქვს, თავისი შვილი 5 წლის ასაკში ჰყავს მიტოვებული… ეს თავად “აფრიკაში” სახლდანგრეულმა ადამიანმა თქვა, რომელმაც თავისი ინიციალები ამოიცნო კალაძის “პიარის” მიერ გავრცელებულ მონაცემებში.
კალაძეს უჭირს შეცდომების აღიარება, მან ფარისევლური “ბოდიში” მოიხადა ქალაქში გზების მავნებლურად დავიწროების გამო, მაგრამ საქმით შეცდომა არ გამოასწორა – პირიქით, გრძელდება გზების დავიწროება, გადათხრა-გადმოთხრა, ქალაქი ერთ დიდ ბოსტანს დაემსგავსა… სამაგიეროდ, “კალამ” საახალწლო განათებები ჩამოკიდა – რაც უფრო ცენტრალური უბნებია, მით უფრო უხვად განათდა ქალაქი, ხოლო მჭიდროდ დასახლებული სანზონა, გლდანი, თემქა და ა. შ. – ნაკლებად იზიდავს სამტრედიელ, ბოდიში, მილანელ თბილისის მერს.
ქვემოთ წარმოგიდგენთ “გაჩახჩახებული” თბილისის “გარემონტებულ” უბანს. ესაა ათონელის ქუჩა, 18 ნომერი. გარედან ლამაზი, შიგნიდან ჩასვრილი სახლი. და ასეთი სახლები თბილისში უამრავია. კალაძე აგრძელებს სააკაშვილი-უგულავას ტრადიციებს, ფასადურ პოლიტიკასა და თბილისის ფასადურ მოვლას. მოსახლეობის ინტერესები მასაც ფეხებზე ჰკიდია. გთავაზობთ სადარბაზოს სურათებს და დასკვნები თავად გააკეთეთ, მეტი კომენტარი საჭირო არ არის!