სოხუმი: ჩვენ არ ვართ არც დე ფაქტო რეჟიმი, არც ოკუპირებული ტერიტორია და არც სათვისტომო

„თბილისი აფხაზეთს განიხილავს როგორც სათვისტომოს, დე ფაქტო რეჟიმს, ოკუპირებულ ტერიტორიად. აფხაზეთის რესპუბლიკა საქართველოსთან არაფორმალური დიალოგის წარმოებას არ აპირებს.

ასეთი დიალოგის შესაძლებლობაზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ისაუბრა. მაგრამ ასეთ მიდგომას არანაირი კონსქტრუქციული შედეგის მოტანა არ შეუძლია“. ამის შესახებ სოხუმის მთავრობის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

დე ფაქტო საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მიდგომა აფხაზეთის მიმართ უცვლელი რჩება. „მოლაპარაკებაზე საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ თბილისი სოხუმის მიმართ კურსს რადიკალურად შეცვლის, ჟენევის დისკუსიების ფორმატში ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის განხილვას შეუდგება და აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკაზე უარს იტყვის. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შეიქმნას პირობები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის“ – აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა 22 დეკემბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „აფხაზურ და ოსურ სათვისტომოებთან არაფორმალური დიალოგის პლატფორმის გაფართოება უნდა მოხდეს. დღეს კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკით უნდა მოხდეს.