ამერიკელების მიერ გათავხედებული პოლონელი – “ქართველებმა ფული ჩვენ გადაგვიხადეთ!”

ამერიკული პროპაგანდის რუპორი – “რადიო თავისუფლება” ტირაჟირებას უკეთებს საქართველოში პოლონეთის ელჩის, მარიუშ მაშკიევიჩის თავხედურ კრიტიკას საქართველოს მიმართ და შემთხვევითი ფაქტი სულაც არ არის, რომ ამას “რადიო თავისუფლება” აკეთებს. თუმცა ჯერ თავად კრიტიკის შინაარსზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა.

მარიუშ მაშკიევიჩი გაოცებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების მიერ გზებისა და გვირაბების სამშენებლო პროექტებისთვის ჩინური კომპანიების მოწვევის გამო. Forbes Georgia-სა და BMG-სთან ინტერვიუში ელჩი აცხადებს, რომ პოლონეთს ამ სამუშაოს უკეთესად შესრულება შეუძლია – მაინტერესებს, რატომ იწვევს საქართველო აქ ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის. ჩვენ ისეთი გვირაბების მშენებლობა შეგვიძლია, რომლებიც ჩინურზე უკეთესია“.

მარიუშ მაშკიევიჩი განმარტავს ასევე, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილ თანხას საქართველო ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან იღებს და ამიტომ, საქართველოს მთავრობის მიერ ჩინური კომპანიების დაქირავება არა მხოლოდ მას, არამედ სხვებსაც აოცებს ევროკავშირის ელჩების კლუბში.

ელჩის შეფასებით, სამუშაოს შესრულებისას გადამწყვეტ როლს უნდა ასრულებდეს არა ფასი, არამედ – ხარისხი და ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ საქართველოსთვის მაღალ ხარისხთან შესაბამისი „საიმედო“ ფასის შეთავაზება.

– განმარტავს პოლონეთის ელჩის პოზიციას “რადიო თავისუფლება”.

პოლონეთის ელჩის თავხედობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებზე საუბრობს ევროკავშირის სახელით, რომელსაც ძირითადად გერმანია და ზოგიერთი სხვა დასავლეთევროპული ქვეყანა აფინანსებენ, მაგრამ დივიდენდებს საქართველოსგან არა ევროკავშირის, არამედ პოლონეთის სახელით ითხოვს. პოლონეთისთვის არავის მიუცია ევროპაში უფლებამოსილება, რომ საქართველოს მოსთხოვოს პოლონური ფირმების მოწვევა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

ეს მით უფრო, რომ პოლონეთის ელჩი ცრუობს – ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები დღესდღეობით აზიის განვითარების ბანკის მიერ ფინანსდება და საქართველოს მთავარი კრედიტორიც ამ მხრივ სწორედ აზიური ბანკია. სხვა საკითხია, საერთოდ რატომ “იკლავს” თავს საქართველოს მთავრობა და ზრდის საქართველოს დავალიანებას – ეს მაგისტრალური პროექტები, დაკავშირებული სატრანზიტო გადაზიდვებთან, საქართველოს ეკონომიკას არ უქადის გამოცოცხლებას, სამაგიეროდ, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ბევრად უფრო პრობლემატურია. ჩვენთან დაგებული ახალი ტრასებით ისევ უცხოურმა გადამზიდავმა კომპანიებმა უნდა ისარგებლონ და ჩვენ ამის გამო საშვილიშვილო კი არა, საშვილთაშვილო ვალები გვედება, რომლის გამსტუმრებლები არ ვართ! და რადგან არ ვართ, ამ ვალებით საერთოდ ვკარგავთ ისედაც არარსებული სუვერენიტეტის გარეგნულ ნიშან-წყალსაც…

მაშ, რომ მივუბრუნდეთ გათავხედებულ პოლონელს – რა უნდა მას? რატომ გვაძალებს პოლონური კომპანიების მოწვევას მაშინ, როდესაც პოლონეთი მართლაც რომ “არაფერ შუაშია”? – ეს იმიტომ, რომ პოლონეთის უკან შეერთებული შტატები დგას; შეერთებულ შტატებს კი აქვთ თავიანთი პოზიცია – საქართველო არ უნდა თანამშრომლობდეს არც რუსეთთან, არც თურქეთთან და არც ჩინეთთან, საქართველო ამერიკის სრული მონა უნდა იყოს!

დაიმახსოვრეთ, ეს არც პირველი და არც ბოლო ირიბი შეტევაა საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის წინააღმდეგ და ეს ირიბი შეტევა, გარკვეულ ეტაპზე, შესაძლოა, ღია შეტევებში გადაიზარდოს.