მოლაპარაკებაზე რითიც მიხვედი 100%-ით ის თუ გინდა წამოიღო, მაშინ მჩაგვრელი ხარ და არა პოლიტიკოსი

“მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “დღის კურიერის” ეთერში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში მათთვის მთავარია არა რიგგარეშე არჩევნებზე, არამედ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმება.

ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების მონაწილე ყველა მხარე კომპრომისისთვის უნდა იყოს მზად და იმედი გამოთქვა, რომ დიალოგის შემდეგ რაუნდზე ოპოზიცია სწორედ ამ განწყობით მივა.

“პოლიტიკას სხვაგვარად ეძახიან კომპრომისების ხელოვნებას. თუ გაჯიქებული ხარ და ის გინდა გაიტანო, რაც შენ გინდა, ეს საბავშვო ბაღში ხდება ასე. თუ სერიოზულად უყურებ პოლიტიკურ პროცესს და მასში მონაწილეობას, შენც უნდა იყო კომპრომისისთვის მზად. რითიც მიხვედი, 100%-ით ის თუ გინდა წამოიღო, მაშინ მჩაგვრელი ხარ და არა პოლიტიკოსი. კომპრომისი არის ორმხრივი.

ჩვენ ვართ მზად ამ კომპრომისისთვის, არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენთვის პრიორიტეტია საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იგულისხმება პოლიტპატიმრებიც, რომელთა გათავისუფლება, პრინციპში, დაწყებულია, ორი ადამიანი გამოუშვეს და იმედია, ეს გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით. ჩვენ არ დაგვიმალავს და ამიტომ დავიტეხეთ ეს რისხვა თავზე, რომ ჩვენთვის მთავარი არის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში არჩევნები წესიერად ტარდებოდეს და შედეგებს ვენდობოდეთ.

მკაფიოდ ვამბობთ, რომ ჩვენთვის მთავარი საკითხი არ არის რიგგარეშე არჩევნები, მთავარია, საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება და ფეხებს არ ვაბაკუნებთ,- ეს არის ჩვენი მხრიდან კომპრომისი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ კარგი საარჩევნო სისტემა გვექნება, თვითმმართველობის არჩევნებზე შეგვიძლია ქართული “ოცნების” დამარცხება, თუ სწორ და კოორდინირებულ ნაბიჯებს გადავდგამთ და ვიღაცები თუ არევ-დარევას არ შემოიტანენ. სხვებმაც თქვან ეს და გაიაზრონ, რომ თუ მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდები, შენც მოგიწევს რაღაცის დათმობა, ყოველ წამს ულტიმატუმებს არ უნდა აყენებდე და ულტიმატუმებით არ უნდა ლაპარაკობდე, კომპრომისისთვის უნდა იყო მზად, რომ ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს კიდევ უფრო დიდ უბედურებაში, თუ, რა თქმა უნდა, ვიღაცას არ უნდა, რომ ამაზე ხელი მოითბოს და მართლა უნდა, რომ ეს ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს, რომ შემდეგ დანარჩენი კრიზისების მოგვარებაზე ვიფიქროთ. იმედი მაქვს, რომ მეხუთე რაუნდზე ოპოზიცია მივა კომპრომისებისთვის მზაობით და არა გაჯიქებით და მუშტების ბრახუნით,”-აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

 

“რუსთავი2”