ქვეყანას ვერ გავაჩერებთ, ვერ ავყვებით უპასუხისმგებლო ქმედებებს- გახარია

მიუხედავად იმისა, რომ ზოგს შეეშინდა, ზოგი ვერ გაერკვა, ზოგი მართლა ვერ მოერია ამბიციებს და საკუთარი ვიწროპარტიული ამბიციები დააყენა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, ჩვენ ქვეყანას ვერ გავაჩერებთ და ვერ ავყვებით ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, თუ არსებულ რთულ ვითარებაში ხელისუფლებას არ ეხმარებიან, „ხელს მაინც ნუ შეუშლიან დესტრუქციული ქმედებით, რომელიც მიმართულია არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ“.

„როდესაც მე დასაწყისში ვთქვი, რომ სამწუხაროა, აქ ოპოზცია არ არის წარმოდგენილი, ეს ნიშნავს, რომ ჯანსაღ დისკუსიაში და დავაში ყოველთვის უფრო ადვილად იბადება სიმართლე და სწორი გზა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგს შეეშინდა, ზოგი ვერ გაერკვა, ზოგი მართლა ვერ მოერია ამბიციებს და საკუთარი ვიწროპარტიული ამბიციები დააყენა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, ჩვენ ქვეყანას ვერ გავაჩერებთ, ვერ გავაჩერებთ და ვერ ავყვებით ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს.

ვერ გავაჩერებთ მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს შრომა კონკრეტული გამოწვევების წინააღმდეგ, ეს არის სამუშაო ადგილები, სოციალურად დაუცველები, დევნილები, ჩვენი მოხუცები და პენსიონერები.

რეალურად, როდესაც ჩვენ დღეს აქ ვსაუბრობთ ოპოზიციის გარეშე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ორმაგდება მარტივი მიზეზის გამო – ჩვენი მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობის ის წილი, რომელიც მათზე უნდა ყოფილიყო, გადმოდის ჩვენზე და ეს უნდა იყოს აბსოლუტურად სწორად გააზრებული. ამ პოზიციიდან შეგვიძლია მარტივად ვთქვათ, რომ თუ არ გვეხმარებით ქვეყნისთვის ძალზე მწვავე დროს, რეალური, გლობალური კრიზისების დროს, მაშინ ხელს მაინც ნუ შეგვიშლით, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით მარტივი საკითხებით.

არავინ არ არის კრიტიკის წინააღმდეგი, არავის არავის  კრიტიკის არ ეშინია, ხელს ნუ შეგვიშლით იმ დესტრუქციული ქმედებით, რომელიც მიმართულია არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის, არამედ სახელმწიფოს წინაშე, აშკარად ჩანს ხშირად ნაბიჯები, რომელიც პირდაპირ ემსახურება არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ თვითონ სახელმწიფოს დელეგიტიმაციას“, – აღნიშნა გახარიამ.