რომელი “კავკასიური პლატფორმა”? – რას გულისხმობდა პრეზიდენტი მორიგ სადავო განცხადებაში!?

საერთაშორისო პარტნიორები სახიფათოდ მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას „კავკასიური პლატფორმის“ შესახებ. ისინი რისკებს უკავშირებენ რეგიონში რუსეთის პოზიციების გაძლიერებას, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მწვავე ფაზის შეჩერების შემდეგ. სალომე ზურაბიშვილის განცხადებები დროში ემთხვევა აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების ინიციატივას – რეგიონში ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ, 6 ქვეყნის და მათ შორის – საქართველოსა და რუსეთის მონაწილეობით.

კონკრეტულად რას გულისხმობს საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთ სადავო განცხადებაში?

რატომ იქცა მწვავე დისკუსიის საგნად კავკასიაში ახალი პლატფორმის შექმნის იდეა?
კონკრეტულად რა რისკებსა და საფრთხეებს ხედავენ “პლატფორმის” იდეაში ექსპერტები საქართველოსთვის?

21 დეკემბერს ტვიტერით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ 2021 წელი იქნება „ჩვენი გაცოცხლების წელი“ და საქართველო „კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორე ხარისხოვანი“.

ამ სიტყვებით სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს მიმართა, „ელჩების კონფერენცია 2020″-ის გახსნის ონლაინ ცერემონიაზე.

„კავკასიური პლატფორმა“ მან სწორედ ყარაბაღის სისხლისმღვრელი კონფლიქტის შეჩერების პროცესში საქართველოს პასიურობის კონტექსტში ახსენა და თქვა, რომ კიდევ ერთხელ მიესალმება „მშვიდობის აღდგენას“ კავკასიაში.

ონლაინკონფერენციის ვიდეოჩანაწერის ეს კონკრეტული ფრაგმენტი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ტვიტერითაც გაავრცელა, რასაც აშშ-ის ყოფილი ელჩის საქართველოში, იან კელის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

“ეს “მშვიდობის აღდგენა” რუსეთის ჯარების მიერ ხორციელდება და რატომ უნდა საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის წახალისება, როდესაც ეს ნიშნავს ხმის მიცემას რუსეთისა და ირანისთვის – ჩაერიონ რეგიონის საქმეებში?” – წერს იან კელი სალომე ზურაბიშვილის ტვიტერზე გავრცელებული ვიდეოგანცხადების საპასუხოდ.

კელის კომენტარმა და საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, ბენ ჰოჯესის ყურადღებაც მიიპყრო. გენერალმა ჰოჯესმა დაწერა: “შეცდომა…განა საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სუვერენიტეტს არ განასახიერებს? რატომ უნდა მიესალმოს საქართველო გეგმას, რომელიც რუს ოკუპანტებს აძლიერებს მისი ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებზე? რატომ უშვებს საქართველო რუსი “მშვიდობისმყოფელების” მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებას სომხეთის მიმართულებით, როდესაც რუსულ ჯარებს საქართველოს მიწა აქვთ ოკუპირებული?”

ბრიტანეთში მოქმედი ბიზნეს-პოლიტიკური საკონსულტაციო ფირმის მმართველი დირექტორი, დენიელ ჰამილტონი კი პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ „მყიფე მშვიდობის“ სანაცვლოდ, რეგიონში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა, საქართველოს საზიანოდ, განუზომლად გაფართოვდა. ის საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაფიქრებისკენ მოუწოდებს.

https://twitter.com/Zourabichvili_S/status/1341473923335073793?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1341473923335073793%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fwww.radiotavisupleba.ge%2Fa%2F31015812.html

კავკასიური პლატფორმის ინიციატივაზე საქართველოს პრეზიდენტმა პირველად 2020 წლის 11 დეკემბერს ილაპარაკა პარლამენტის ტრიბუნიდან, როცა მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა, ოპოზიციის გარეშე, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატების მონაწილეობით იმართებოდა.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ: „კავკასიაში ჩვენი მეზობლების და ახალი მოცემულობის გათვალისწინებით“, „საჭიროა საქართველომ დაიბრუნოს ისტორიული როლი“ და „შესაძლებელია, ვიფიქროთ „კავკასიური მშვიდობის პლატფორმის“ იდეაზე“;
ეს იქნება პლატფორმა, რომელიც „შეკრებს კავკასიის ქვეყნებს, გარე აქტორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს;

ეს პლატფორმა „ხელს შეუწყობს ერთობლივი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ კულტურული პროექტების წარდგენასა და განხორციელებას“;
პლატფორმა „გააძლიერებს ამ რეგიონის პოტენციალს“ და „შეასრულოს სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ენერგეტიკის „hub“- ის როლს“.

წყარო: radiotavisupleba.ge