თამარ თორაძემ ღია წერილით კელი დეგნანს გიორგი რურუას საქმეზე მიმართა

1992  წელს თბილისში ბანდიტურად დახოცილი თორაძეების ოჯახის ერთადერთმა ცოცხლად გადარჩენილმა წევრმა თამარ თორაძემ ღია წერილით მიმართა  ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს.

თავის მიმართვაში თორაზემ ელჩს სთხოვა, განსაკუთრებული ყურადღებით მიადევნოს თვალი საგამოძიებო პროცესს, რომელშიც გამოძიების ფედერალური ბიუროც არის ჩართული და სადაც აშკარად ჩანს გიორგი რურუასა და მასთან ერთად გიორგი რამიშვილისა და ლერი სულაბერიძის ბრალი.

ამჟამად აშშ–ში მცხოვრები თამარ თორაძის ღია წერილს, საქართველოში აშშ–ის ელჩისადმი, უცვლელად გთავაზობთ.

„თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო ელჩო, დარწმუნებული ვარ, გეცოდინებათ, რომ ამ რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, საკუთარ მონოლოგში გაიხსენა შეხვედრა აშშ-ის საელჩოში საქართველოში, სადაც, მის მოთხოვნაზე, ელჩი დახმარებოდა გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებაში, აშშ-ის საელჩომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ გიორგი რურუა შეიარაღებული ბანდფორმირების ხელმძღვანელი გახლდათ.

მე მოხარული ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს, ამდენი წლის შემდეგ მაინც, საზოგადოება ერთი მხრივ, და პოლიტიკური კლასი და საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები, მეორე მხრივ, მიდიან იმ დასკვნამდე, რაც არის რეალობა – დიახ, გიორგი რურუა იყო და არის შეიარაღებული ბანდფორმირების ხელმძღვანელი და მისი ადგილი სამუდამოდ ციხეშია და მათ შორის, ჩემი ოჯახის, ჩემი დედ-მამისა და ძმების დახოცვის გამო.

თუმცა, ქალბატონო ელჩო, მინდა იცოდეთ, რომ რურუა მარტო არასოდეს ყოფილა. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, თუ დაინტერესდებით გიორგი რამიშვილისა და ლერი სულაბერიძის პიროვნებებით. გიორგი რამიშვილი, იგივე ზარალა, დღეს ქვეყანაში წარმატებული ბიზნესმენის სტატუსით სარგებლობს და მთავრობასთან „შენობით“ ლაპარაკობს. მეორე პიროვნება, ლერი სულაბერიძე, „სამართლიანობისთვის“ ბრძოლის ჭრილში ცდილობს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას და ითხოვს ყველაზე ცნობილი ქართული საფეხბურთო კლუბის „თბილისის დინამოს“ წილების თაღლითურად დაკანონებას. მინდა იცოდეთ, რომ თავის დროზე ამ კლუბის ორი მფლობელი, ზაზა ვეფხვაძე და გია სვანაძე, თვითმხილველის ჩვენების მიხედვით, სწორედ გიორგი რურუას (ჟორიკა) მიერ არიან მოკლულნი, ხოლო რამიშვილი და სულაბერიძე ჩემი ოჯახის ტრაგედიის შემოქმედები არიან. მათ რურუასთან ერთად დახოცეს ჩემი დედ-მამა და ჩემი ძმები.

ქალბატონო ელჩო, ჩემი ოჯახის სასტიკი ჩახოცვის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურაში და ჩემი ინფორმაციით, საქმეში ჩართულია აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროც. საქმეში დევს ასევე ჩემი ჩვენება, სადაც პირდაპირ ვასახელებ, რომ ჩემი დედ-მამის და ძმების მკვლელობა გიორგი რურუას, ლერი სულაბერიძის და გიორგი რამიშვილის ჩადენილია. სამწუხაროდ, ჩემთვის უცნობია საქმის შემდგომი მსვლელობა.

ქალბატონო ელჩო, მინდა იცოდეთ, რომ გიორგი რურუას მიერ პოლიტიკური აქტივობის დაწყებისას, ახალგაზრდულ ფრთასთან თანამშრომლობა და მათი დაფინანსება შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან 90-იანების შემდეგ დაბადებული ახალგაზრდებისთვის, იმ ათეულობით მკვლელობის და უმძმესი დანაშაულის შესახებ არსებული ინფორმაცია, რომელიც გიორგი რურუას, გიორგი რამიშვილის და ლერი სულაბერიძის ჩადენილია, მხოლოდ ქალაქური ლეგენდებია.

სამივე ზემოთ დასახელებულმა პირმა ყველა ხელისუფლების პირობებში მოახერხა მართლმსაჯულებისთვის თავის არიდება და იმედია, ამჯერად მაინც, დიპლომატიური კორპუსი გაითვალისწინებს ამ პირების მიერ ათეულობით ოჯახისადმი მიყენებულ უმძიმეს ტრავმას და ტრაგედიას და საქმის მსვლელობას სათანადო მონიტორინგს გაუწევს.

ქალბატონო ელჩო, მინდა ამ ღია წერილით გთხოვოთ, გამოიჩინოთ ძალისხმევა, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს თორაძეების მკვლელობის საქმეში არსებული ახალი დეტალები. ის, თუ რა შეიცვალა საქმეში აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ჩართვის შემდეგ. მინდა გთხოვოთ, რომ თქვენ იყოთ გარანტი იმისა, რომ ამჯერად მაინც აღარ იქცევა პოლიტიკური ვაჭრობის საგნად გაუგონარი სისასტიკით ჩადენილი დანაშაული და სამართალი, რომელიც ლამის უკვე 30 წელიწადია გზაშია, უახლოეს მომავალში აღსრულდება“, – ნათქვამია თამარ თორაძის ღია წერილში.