გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თუ პატრიოტთა ალიანსის სიის მე-4 ნომერი, ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შევიდა, ის ქართული ოცნების 91-ე დეპუტატი იქნება. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
“მე არ ვიცი, ვინ არის ავთანდილ ენუქიძე, ცხოვრებაში არ გამიგია, არ მსმენია. არ მჯერა, რომ ხვალ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ავთანდილ ენუქიძე არის ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი, რომელსაც სავსე აქვს თავი იდეებით, როგორ უნდა შეცვალოს ეს ქვეყანა და რაღაც რეფორმების პაკეტით შევიდა პარლამენტში და ხვალიდან დაიწყებს კანონების ინიცირებას. ხო გასაგებია, რომ ეს ადამიანი ან იყიდეს ან შეიტყუეს ამითი ან ამ ადამიანს მთელი ცხოვრების ოცნება ჰქონდა, რომ რამენაირად პარლამენტში აღმოჩენილიყო და პარლამენტის სავარძელი და კომფორტი, რომელსაც ეს თანამდებობა იძლევა, მიეღო. ან ეს არის, ან ის არის. მესამე ვარიანტი, რომ მნიშვნელოვან ინიციატივებს დააყენებს, მე მაგის არ მჯერა. ჩათვალეთ თუ ის შევიდა [პარლამენტში], იქნება “ოცნების” არა 90, არამედ 91 დეპუტატი. ეგ არის და ეგ”, — აღნიშნა ჯაფარიძემ.
დღეს, 23 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პატრიოტთა ალიანსის სიის მე-4 ნომერი, ავთანდილ ენუქიძე საპარლამენტო მანდატზე უარს არ ამბობს. On.ge-ს მან განუცხადა, რომ მანდატს არ ტოვებს და როდის შევა პარლამენტში, ამას გადაწყვეტს.
ოფიციალურად პარლამენტმა მუშაობა 11 დეკემბერს დაიწყო. ამის პარალელურად, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს. ქართული ოცნება ამბობს, რომ ყველა ასეთ პარტიას მანდატები გაუუქმდება, ხოლო დაფინანსება შეუწყდება. ამასთან, მმართველი ძალის განცხადებითვე, ისინი დააინიცირებენ კანონპროეტქს, რომლის თანახმადაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, კერძოდ, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.