ბათუმში პუშკინის ქუჩაზე მდებარე ყოფილი „უნივერსამის“ შენობაში განთავსებული სავაჭრო ცენტრის მოიჯარეები აქციას მართავენ.
როგორც ისინი აცხადებენ, გუშინ მუშაობის უფლება მისცეს, დღეს კი შენობა დაკეტეს და არ უშვებენ. მათივე ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოების ინსპექციია მიზეზად რეგულაციების წესების დარღვევას ასახელეს, თუმცა მოვაჭრეები თვლიან, რომ ყველა წესს ზედმიწევნით იცავდნენ. არსებულ სავაჭრო ობიექტში დაახლოებით 200 მოიჯარეა.
„მივმართავ მთავრობას. გვესმის ყველაფერი, პანდემია გამოვიარეთ და რაც კეთდება, მადლობელი ვართ. მაგრამ რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, თავი როგორ ვირჩინოთ? პირადად მე შერეული საქონელი და პლუს სურსათი მაქვს. დღესაც ავიღე საქონელი ნისიად და ხუთ დღეში უნდა გადამეხადა თანხა.
აგერ მაქვს ეს საქონელი. სად წავიღო, რა ვქნა? მარტოხელა დედა ვარ, მცირეწლოვანი შვილი მყავს. მშიერი ვართ ყველა, ბანკის ვალდებულებები ცალკე. ქუჩაში ვაჭრობა არ შეიძლება, მაღაზიები დაგვიკეტეს. რითი ვიარსებოთ? ყველა წესი დაცული იყო ჩვენთან. წავიდნენ და დიდ სავაჭრო ცენტრებსა და ქსელურ მარკეტებში ნახონ რა მდგომარეობაა. 500 ადამიანი ერთდროულად არის შესული და არც დისტანციას იცავენ. რითი ვიარსებოთ ეს გვითხარით.
ქირა ხომ უნდა გადავუხადოთ, საიდან მოვიტანოთ. დირექტორმაც რა ქნას, არენდით აქვს ეს შენობა და უნდა გადაიხადოს თვითონაც. ეს ხუთი დღე მუშაობაც ჩვენთვის შეღავათი იყო, პურის ფულს მაინც მივიტანდით საახალწლოდ სახლში. დღეს მივდივარ სახლში და თეთრი არ გამაჩნია, რა ვაჭამო ბავშვს მითხარით. ხომ უნდა ვიარსებოთ. შიმშილით სიკვდილისთვის ვართ განწირული“ – აცხადებს სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი მოიჯარე ეთერ ბოლქვაძე.
როგორც ობიექტის მფლობელი დი-ენ-შოპის ბუღალტერი, ნანული დევაძე აცხადებს, ისინი მაქსიმალურად იცავდნენ წესებს და რა გახდა სავაჭრო ცენტრის დახურვის მიზეზი მისთვის უცნობია.
„დღეს შრომის ინსპექცია იყო მოსული და შეამოწმეს. იცით, რომ 20 კვ.მ.-ში უნდა იყოს ერთი მომხმარებელი. ამ შენობას აქვს ორი შემოსასვლელი. რა თქმა უნდა, დისტანციას ვიცავდით, დარბაზში ვუშვებდით 50 ადამიანს. ერთი მომხმარებელი რომ გამოვიდოდა, შემდეგ ჩავანაცვლებდით. მაგრამ აქ შიგნით ცალკე მაღაზიები ნაკლებადაა. ძირითადად არის დახლები. დახლის შემთხვევაში 20 კვ.მ- ზე ზის სამი მოიჯარე. სამ მოიჯარესთან.ვუშვებდით ერთ მომხმარებელს. მაგრამ მაინც ჩათვალეს, რომ ვერ გავაკონტროლებდით და დაგვხურეს. არ უთქვამთ რამდენი ხნით, არც უთქვამთ, რომ გავარკვევთ და გაცნობებთ, ამიტომ დავიკეტეთ ჯერჯერობით 16 იანვრაზმდე“ – აცხადებს ნანული დევაძე.
წყარო: newposts.ge