საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის გია არაბიძის აზრით, საქართველოში ელექტროენერგიაზე სამი წლის წინ დადგენილი ტარიფის გაზრდა გარდაუვალია.
მისივე თქმით, ელექტროენერგიის ტარიფი უფრო მეტად გაიზრდება იურიდიული პირებისთვის, ვიდრე ეს სამომხმარებლო ტარიფის შემთხვევაში მოხდება და ასეთი გადაწყვეტილების მიღება უმნიშვნელოვანესია დარგის გამართული მუშაობისთვის.
პროფესორი გია არაბიძე ტარიფის ზრდის მაჩვენებლის ზუსტი პროგნოზისგან თავს იკავებს, თუმცა, ვარაუდობს, საერთო ჯამში ტარიფმა საშუალოდ 8 თეთრით მოიმატოს.
„იმ გამოცდილებით, რაც ჩვენ გავიარეთ, ჩემი აზრით, ჩემი გაანალიზებით, სამომხმარებლო ტარიფთან შედარებით 3-ჯერ მეტით გაიზრდება ტარიფი იურიდიული პირებისთვის, ჩემი შეხედულებით, იურიდიული პირებისთვის 11 თეთრით გაიზრდება. რაც საერთო ჯამში სამომხმარებლო და იურიდიული სექტორისათვის, ტარიფის საშუალოდ 8 თეთრით გაძვირებას ნიშნავს. ეს არის 2006–2020 წლებში ჩვენი ელექტროენერგეტიკის დარგის განვითარებაზე დაკვირვების შედეგად გაკეთებული ანალიზი, განმარტავს გია არაბიძე.
მისი თქმით, დარგი ბოლო წლის განმავლობაში, ისე, როგორც ეკონომიკის სხვა სექტორები, მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, რომელთა მოგვარება აუცილებელია შემდგომი გამართული მუშაობისთვის.
„მიმაჩნია, რომ ტარიფში ისეთი თანხების გათვალისწინება მოხდება, რომლებიც აუცილებელია დარგში ინვესტიციების ზრდისა და სხვა პრობლემების აღმოსაფხვრელად, როგორიცაა, მაგალითად, ლარის კურსის გავლენა. როგორც ეკონომიკის ყველა სხვა დარგს შეექმნა პრობლემა საქართველოში კორონავირუსის პანდემიისა და სხვა მიზეზების გამო, ბუნებრივია, იგივე შეეხო ელექტროენერგეტიკასაც, რომელიც, როგორც სხვა სექტორები, ეკონომიკის დარგია. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ტარიფი უნდა იყოს მომატებული“, – აცხადებს ექსპერტი.
„თელასის“ აბონენტებისთვის 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით სამომხმარებლო ტარიფი, დღეის მდგომარეობით, დღგ–ს გარეშე 12.325 თეთრს, ხოლო დღგ–ს ჩათვლით 14.544 თეთრს შეადგენს. 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით – დღგ–ს გარეშე 15.725 თეთრი, ხოლო დღგ–ს ჩათვლით 18.556 თეთრია. ხოლო 301 კვტ.სთ-დან და მეტი, შესაბამისად, 19.525 და 23.040 თეთრი ღირს.
სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფებს რაც შეეხება, 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით დღგ–ს გარეშე 12.065 თეთრი, ხოლო დღგ–ს ჩათვლით 14.237 თეთრს შეადგენს. მოხმარებული 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით, შესაბამისად, 15.435 და 18.213 თეთრია, ხოლო 301 კვტ.სთ-დან და მეტი – 19.265 და 22.733 თეთრია.
არსებული ტარიფები სემეკმა 2017 წელს დაადგინა და მათი მოქმედების ვადა 2018 წლის 1–ლი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა.