უმუშევრებს საქართველოში ახლებურად დაითვლიან

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ უმუშევრობის დონის გაანგარიშების ახალ სტანდარტზე გადადის, ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

„საქსტატი“ ბოლო დრომდე უმუშევრებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 1982 წელს შემუშავებული სტანდარტით ითვლიდა.

  • საქართველოში უმუშევრობის დონე 2020 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0,7%–ით გაიზარდა და 11,9% შეადგინა.

ახალი სტანდარტების მიხედვით, რომელიც ოფიციალურად 2020 წლის დეკემბერში ამოქმედდა, მეთოდოლოგია თვითდასაქმებულთა განყოფილების გადაკვალიფიცირებას გულისხმობს.

 

კერძოდ, თვითდასაქმებულად აღარ ჩაითვლებიან საკუთარ მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც პროდუქციის ნახევარზე მეტს საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებენ.

ახლა ისინი ჩაითვლებიან ან უმუშევრებად ან  მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ.

„ახალი სტანდარტების დანერგვა განაპირობებს უმუშევრობის დონის ზრდას და დასაქმების დონის მაჩვენებლის შემცირებას“, – ვარაუდობენ „საქსტატში“.

სტატისტიკის სამსახური ახალი სტანდარტით უმუშევრობის განახლებულ მონაცემებს უკვე 28 დეკემბერს გამოაქვეყნებს, ასევე განაახლებს ძველ სტატისტიკას – 2010 წლიდან.

“სპუტნიკი”