ერთპარტიულ პარლამენტში შესვლა ისეთი მორალური და პოლიტიკური განადგურებაა, ელისაშვილიც კი მეცოდება – დავით ბაქრაძე

გაზაფხულზე საქართველოს ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი, სადაც იქნება „ქართული ოცნების” 90 დეპუტატს + ალეკო ელისაშვილის ორი დეპუტატი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ერთპარტიულ პარლამენტში შესვლა მორალური და პოლიტიკური განადგურებაა.

„დღეს ერთპარტიულ პარლამენტში შესვლა ისეთი მორალური და პოლიტიკური განადგურებაა, რომ ელისაშვილიც მეცოდება ამისთვის, ამიტომ ვუსურვებდი, არ შესულიყო, მაგრამ როგორც ის დღეს იქცევა და რასაც ამბობს, როგორც ჩანს, შევა, მის გზაზე გაუმარჯოს. როცა ის შეხვდება მის ამომრჩეველს საბურთალოზე, რომელმაც ხმა მისცა იმიტომ, რომ ივანიშვილი და გაყალბებული არჩევნები არ უნდოდა, იმათ ჩახედოს თვალებში და აუხსნას, თორემ კობახიძეს და თალაკვაძეს რომ უყურებს თვალებში, ეს ვიცი”, – ამბობს დავით ბაქრაძე.