ლიტერატურული ჩუკნობა
,,ჩუკნობა (ქასუნი) არს გულდედლობა (ომში მოშიშარობა), ხოლო ჴელით დაცემათაცა ჩუკნად იტყვიან, რამეთუ თვითვე დადედლავს თავსა თვისსა“ – ლექსიკონი ქართული.
,,დღეს (26 დეკემბერს) წლის მთავარ ლიტერატურულ მოვლენას – პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონიას იხილავთ. ჟიური 9 ნომინაციაში გამარჯვებულს გამოავლენს. წელს ,,საბა“ ახალი ფორმატით გაიმართება“ – ასეთია ოფიციალური განცხადება ჩვენთვის – ,,გოიმებისთვის“…სინამდვილეში კი, მიდის ჩაწყობაში შეჯიბრი ძირითადად სამ გამომცემლობას შორის: ,,სულაკაურის გამომცემლობა“, ,,ინტელექტი-არტანუჯი“ და ,,პალიტრა L“… ხანდახან, თუ კარგად მოიქცევიან, ამ ,,მეჟდუსაბოიჩიკში“ სხვებიც დაიშვებიან… მაგალითად, ,,წიგნები ბათუმში“.
მხოლოდ ერთ ნომინაციაში – ,,წლის საუკეთესო რომანი“ – ორმოცამდე ნაწარმოებია წარდგენილი. ვინ არის ,,გიჟი“, ამდენ წიგნს გადახედოს მაინც?.. როგორც ცნობილია, ივერიაში ,,გიჟები“ (უფრო ზუსტად კი – პატიოსნები) კარგა ხანია გადაშენდნენ…
მოკლედ, იწყება ტიტანების ომი – ვინ დაითრევს მეტ ,,საბას“?!
ყველაზე სასაცილო კი ის გახლავთ, რომ ჯერ თავად გამომცემლები ჩალიჩობენ ,,საბას“ ჩაწყობას, მერე კი, რომ გაიმარჯვებენ, ეს ძალიან უხარიათ! ისე ძალიან, რომ ,,ფეისბუქზე“ ფოტოებსაც დებენ – გამომცემელი ასე 6-7 ,,საბათი“ ხელში და ქვემოთ ამაყი მინაწერი: ,,წელს უხვი მოსავალი ავიღეთ!“.
ასეთია გამომცემლების, მწერლებისა და სპექტაკლში მონაწილე სხვა დეკორის ,,თვითდაბოლების“ მომხიბვლელი სცენა. თავად ჩალიჩობენ და, თითქოს რამე მოულოდნელობა მოხდა, თავადვე მაგრად ხარობენ. ერთი სიტყვით, ადგილი აქვს თვითდაკმაყოფილებას – ანუ მასტურბაციას (masturbatio – ,,ხელი“ და ,,წავბილწავ… ჩვენს შემთხვევაში – ,,სინდისი“ და ,,წავბილწავ“). წლებია გრძელდება ამ ბიბლიური ონანიზმით გართობა… რაღა თქმა უნდა, დადგმას მეტი დამაჯერებლობისთვის, იშვიათი გამონაკლისებიც თან ახლავს ხოლმე…
ერთი უხერხულობა მაინც რჩება – ქასუნს, მართალია, დიდი სიამოვნება მოაქვს, მაგრამ, როგორც ცნობილია, ნძრევის შედეგად ბავშვი არ იბადება… არც ხელოვნება – ამაშია საქმე…
და კიდევ – ბევრი ნძრევის შედეგად, ხელის გულზე თმა იწყებს ამოსვლასო,– ასე გვაშინებდნენ ბავშვებს უფროსები… ამხანაგებო, აბა, ხელის გულზე დაიხედეთ – ჰა, არის?
ისე, მართალი რომ ვთქვათ, არაფერი გასაკვირი – რაც ყველა სფეროში ხდება – გამჭოლი ჩუკნობის მასტერ კლასები!.. თან... სადღესასწაულოდ გართობა და სიამოვნება მოსულა, ამიტომ მოახლოებულ ,,საბას“ და ახალ წელს მაინც გილოცავთ!
ზ.ო. – 2020, დეკემბერი
ზურაბ ოდილავაძე