„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ სადეპუტატო ხელფასს უკან ურიცხავს სახელმწიფოს და მოითხოვს, ეს თანხა მოხმარდეს უფასო სასადილოებში მყოფ ბენეფიციარებს, რომლებიც ნათელაშვილის განმარტებით, წლებია, ქრონიკულად შიმშილობენ.
ამის შესახებ ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ შობა-ახალი წელიც გადააქცია შიმშილის დღესასწაულად, რა დღეშია ხალხი, ამას კარგად ვხედავთ.მე არამარტო უარი ვთქვი ჩემს ე.წ. სადეპუტატო ხელფასზე, არამედ დღეს „ლეიბორისტულმა პარტიამ“ სახელმწიფო ბიუჯეტს უკან გადაურიცხა 67 000 ლარი, რომელიც უნდა გაგვეცა ე.წ. ხელფასებისათვის ნულოვან უბნებზე, ანუ უბნებზე,სადაც რეჟიმმა გაგვიყალბა არჩევნები ურცხვად, არ დაგვიწერა არცერთი ხმა ან ჩვენმა წარმომადგენლებმა გვიღალატეს.
მე მოვითხოვ, ეს 67 000 ლარი დაიხარჯოს უფასო სასადილოების ბენეფიციართა გამოკვებაზე, რომლებიც წლებია, ქრონიკულად შიმშილობენ. სხვათა შორის, ქალბატონი საკრებულოს დეპუტატი რიმა ბერიძე, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ 1,18 თეთრი სრულიად კალორიულია და საკმარისია ხალხისათვის გამხდარა საქართველოს პარლამენტის წევრი. ხედავთ ვის აწინაურებს ბიძინა ივანიშვილი და ვინ უნდა პარლამენტში, ვინც ხალხს შიმშილით დახოცავს.
ამ დროს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უფრო სწორად „ქართული ოცნებების მსხვრევა“ აგრძელებს ბიუჯეტის ჭამას, მათ შორის პარტიული ხაზით და 2012 წლიდან დღემდე პარტიულ ხელფასებზე, პარტიულ დაფინანსებაზე, ფრაქციულ დაფინანსებაზე 240 მილიონი აქვს შეჭმული პირდაპირი გაგებით.
240 მილიონი ამ გაუბედურებულ ქვეყანაში ისეთი თანხაა, რომელსაც თუ გაუშვებეთ ადამიანურად საზოგადოების საჭიროებისათვის არ გვეყოლებოდა არცერთი ჩვილი ბავშვი მკვდარი,არ იქნებოდა 70 ათასი სტუდენტი განთესილი უმაღლესი სასწავლებლებიდან, რომლითაც საშუალო, საჯარო სკოლებში ყველა ბავშვს ექნებოდა დღეში ერთჯერადი უფასო კვება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა