სად მოკლა პოლიციელმა ექიმი სინამდვილეში და ვინ ტოვებს თანამდებობას ამ მკვლელობის გამო?

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ინფორმირებული წყარო, „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ ექიმი პოლიციელის მანქანაში მოკლეს.

წყაროს ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, სუფრასთან, სრულიად უმნიშვნელო ამბებზე დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა.

ავტომანაქანაში, რომელიც თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ივანე ზანდარაშვილს ეკუთვნის, ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. მანქანაში იჯდა თავად მფლობელიც, მის გვერდით სავარძელში, კი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბერძენაშვილი იმყოფებოდა.

მანქანის უკანა სავარძელზე, გარდაცვლილი ზურა საჩიშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი, ბიძინა ხატიაშვილი ისხდნენ.

მცირედი შეკამათების შემდეგ, ზადარაშვილმა სამსახურებრივი იარაღით, ზურა საჩიშვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. საავადმყოფოს დირექტორი ადგილზე გარდაიცვალა. მსუბუქად დაიჭრა, გვერდით სავარძელში მყოფი, ლევან ბერძენაშვილი, რომელმაც ზანდარაშვილისათვის ხელის შეშლა სცადა.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხდარი ფაქტის გამო, თანამდებობებს ტოვებენ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ ბერიკაშვილი და თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსი ზვიად ღვედაშვილი. ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, კახეთის საოლქო პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები და მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობს. უკვე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ივანე ზანდარაშვილი დაკავებულია და მას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.