“უჩინარი ადამიანები, რომლებსაც თვითგადარჩენისთვის ყოველდღე, 30 კილომეტრის გავლა უწევთ ფეხით . . .” – მებო ნუცუბიძე

“ჩვენს ქალაქში, ჩვენ გვერდით, ცხოვრობენ უჩინარი ადამიანები, რომლებსაც თვითგადარჩენისთვის, თითქმის ყოველდღე, 30 კილომეტრის გავლა უწევთ ფეხით”, – ამის შესახებ მომღერალი, მებო ნუცუბიძე სოციალურ ქსელში წერს.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან, შუქნიშანზე გაჩერებულს, მამაჩემის ასაკის კაცი მომიახლოვდა და ფანჯარაზე მომიკაკუნა, უკაცრავად, ვარკეთილის მეტროსთან ხომ ვერ გამიყვანთო, მკითხა პირბადის ზემოდან მომზირალი დაღლილი თვალებით.

მოულოდნელმა შეკითხვამ კი დამაბნია, მაგამ, მალევე ვუპასუხე, დაბრძანით-მეთქი.

გზად გავიგე, რომ წერეთელზე, სკოლაში მუშაობდა ღამის დარაჯად: ორი დღე მორიგე იყო, ორი დღე კი – ისვენებდა. აბა, 288 ლარიანი ხელფასი ტაქსებს როგორ ვამყოფინოო, გამიღიმა. ვარკეთილის მეტრომდე, კიდევ ბევრ რამეზე მოვასწარით საუბარი.

ნახევარ საათზე მეტია, რაც ერთმანეთს დავემშვიდობეთ, მე კი სულ იმაზე მეფიქრება, რომ ჩვენს ქალაქში, ჩვენ გვერდით, ცხოვრობენ უჩინარი ადამიანები, რომლებსაც თვითგადარჩენისთვის, თითქმის ყოველდღე, 30 კილომეტრის გავლა უწევთ ფეხით”, – წერს მებო ნუცუბიძე.