მკვლელობაში ბრალდებული თელავის პოლიციის მაღალჩინოსნის ადვოკატმა შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს

გასაჩივრდება, თუ არა თელავის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება?! – მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსნის ადვოკატი გადაწყვეტილებას განჩინების ჩაბარების შემდეგ მიიღებს.

თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილეს სასამართლომ დღის ბოლოს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვანო ზანდარაშვილს თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის განზრახ მკვლელობასა და თელავის მერიის მაღალჩინოსნის განზრახ მძიმე დაზიანებაში ადანაშაულებენ. ზანდარაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

“გასაჩივრების ნაწილს რაც შეეხება, მას შემდგომ რაც დეტალურად გავეცნობი განჩინებას, ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩვენს პოზიციას, რომ არ ვეთანხმებით, ჩვენი პოზიცია იყო, რომ შეეფარდებინა ნაკლებად მკაცრი ღონისძიება. ამ შემთხვევაში სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება,” – აღნიშნა ბრალდებულის ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.

 

“რუსთავი2”