პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოოდ კორექტირებულ პროექტს განიხილავს. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება ხვალ, 29 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე იგეგმება. კენჭისყრაში მხოლოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
მესამე კენჭისყრამდე ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ დახურულ ფორმატში განიხილა, რომელსაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია არ დასწრებია.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, დოკუმენტში ფუნდამენტური ცვლილებები არ შესულა რაც ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას შეუწყობდა ხელს და ყურადღებას დამატებით ვალებზე ამახვილებენ. მათ შეფასებით, ბიუჯეტის პროექტში გაწერილი მაჩვენებლები ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს.
მომავალი წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტით ასიგნებები 18,4 მილიარდი ლარია, რაც მიმდინარე წლის მონაცემთან შედარებით 2,5 მილიარდით მეტია. კორექტირებული პროექტი ეკონომიკის 4,3%-იან ზრდას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, დეფიციტი 7,6 მეათედს შეადგენს, მთავრობის ვალი კი, დაშვებულ 60%-იან ზღვარს პირველად გადაცდა. დაახლოებით 900 მილიონი ლარი მოხმარდება იმ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც პანდემიის გამო შემუშავდა.
“რუსთავი2”