როგორ “მოგვყიდა” ივანიშვილმა “დირექტორი” თვეში 9 000 ლარად?

მიმდინარე წლის 23 ნოემბერს BMG-ის გადაცემა “საქმის კურსმა” მოამზადა სიუჟეტი, პანდემიის გათვალისწინებით, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მენეჯმენტსა და მის საქმიანობაზე.  როგორც ცნობილია, ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, 2020 წლის განმავლობაში „ბლექ სი არენას“ საკონცერტო დარბაზში კულტურული ღონისძიებების ჩატარება ვერ მოხერხდა.

აღნიშნულის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარი საკონცერტო დარბაზის მართვის მიზნით შექმნილი სახელმწიფო შპს „ბლექ სი არენას“ ბიუჯეტი არ შემცირებულა და მის განკარგულებაშია გადასახადების გადამხდელების 4 მლნ ლარი; ამასთან, შპს Black Sea Arena Georgia-ში 107 თანამშრომელია დასაქმებული. სახელმწიფო კომპანიის დირექტორია ტარიელ ხარჩილავა, რომელსაც ორი მოადგილე ჰყავს.

Bm.ge დაინტერესდა, რამდენია ტარიელ ხარჩილავას ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, რაც ოფიციალური წერილით გამოვითხოვეთ, მაგრამ წერილობით პასუხში, რომელსაც ხელს თავად აწერდა, აღნიშნული იყო, რომ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია საჯაროა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მას საჯარო სამსახურის ბიუროში ყოველწლიურად წარადგენს. შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია მან არც სატელეფონო ინტერვიუს დროს გაგვიმხილა.

ტარიელ ხარჩილავას ქონებრივი დეკლარაცია მართლაც 2-ჯერ აქვს შევსებული, მაგრამ ორივე შემთხვევაში შემოსავლის გრაფა ცარიელია. აღნიშნული მან „ტექნიკური შეცდომით“ ახსნა და დაგვპირდა, რომ დეკლარციას სრულად შეავსებდა.

არასრული დეკლარაციის შესახებ bm.ge-მ საჯარო სამსახურის ბიურო საქმის კურსში ოფიციალური წერილით ჩააყენა და რეაგირება ითხოვა, რასაც შედეგიც მოჰყვა. ირკვევა, რომ გადაცემის ეთერში გასვლის დღესვე ტარიელ ხარჩილავამ საჯარო სამსახურის ბიუროს თავად აცნობა, რომ 2020 წლის ივნისში შევსებულ დეკლარაციაში შემოსავლის შესახებ მონაცემები გამორჩა და 2019 წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით „ბლექ სი არენას“ დირექტორის პოსტზე 79,900 ლარის შემოსავალი მიიღო ანუ მისი ყოველთვიური შემოსავალი 8,877 ლარია.

წყარო – bm.ge

იმედია, ივანიშვილი დაინტერესდება და გაარკვევს, დარბაზი გვაჩუქა, თუ დირექტორი მოგვყიდა 9 ათას ლარად?