„შლაპას“ კრიმინალური დინასტია – რატომ დააკავეს ზუგდიდში „კანონიერი ქურდის“ ძმა?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ორი პირი – 61 წლის როინ გეგეჭკორი და 56 წლის კახა ქირია დააპატიმრა.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ორივე პირს კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ ცნობილ „კანონიერ ქურდ“ როლანდ გეგეჭკორთან, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „შლაპას“ მეტსახელით იცნობენ – როინ გეგეჭკორი „შლაპას“ ძმა, კახა ქირია კი მისი უახლოესი გარემოცვის წევრია.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებულებით დაკავებული ორივე პირი – როინ გეგეჭკორი და კახა ქირია „კანონიერ ქურდ“ „შლაპას“ მითითებით, 2020 წლის დასაწყისიდან, სამეგრელოში, ბიზნესმენს – ბ.თ.-სა და მის ბიზნესპარტნიორს – ა.ც.-ს, პერიოდულად უკავშირდებოდნენ და „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ თანხის გადახდას სთხოვდნენ.