2020-ის შემაჯამებელი აზრები
მოვიდა დრო და ასაკი, როდესაც ცხოვრებასთან, ადამიანებთან კითხვები აღარ მაქვს – ამოვწურე.
ამ მხრივ, სრული სიცხადეა, ყველაფერი გავიგე…
ის ჯიში, რომელიც იჩემებს, თითქოს რაღაც შენზე მეტი იცის და ამიტომ უნდა გიხელმძღვანელოს, აღარ მაინტერესებს – ძალიან მოსაწყენი ხალხია. ამ ადამიანებს ყველაზე უფრო ის აღიზიანებთ, რომ მათ მიერვე გამოგონილ ,,თავისუფლებისთვისა და პროგრესისთვის ბრძოლის“ გალიაში ვერ დაგამწყვდიეს – ამ მოდელს ეჭვის თვალით უყურებ და მწყობრ გეგმას საფრთხეს უქმნი… საკუთარი თავი კი დიდი ხანია დაარწმუნეს, რომ მხოლოდ მათი ,,იდეისთვის“ ბრძოლა უნდა გახდეს ყველას ცხოვრების აზრი, მაგრამ… შენზე წაიფორხილეს და ვერ ჩაგითრიეს – დადგენილ ჩარჩოებში ვერ მოგათავსეს… აი, ეს აგიჟებთ, უკიდურესად აგრესიულებიც ხდებიან და სურთ, რომ გაქრე, რადგან სხვების დაბოლებაში უკვე ხელს უშლი… სწორედ ეს გახლავთ ,,თავისუფლების დიქტატურის“ მეხოტბეთა ყოვლისმომცველი ზიზღისა და დაუნდობლობის მიზეზი… რას იზამ, თავისუფლება – თავისუფლებაა და ის დიქტატურითა თუ გალიით ვერ შეიზღუდება.
მთავარი კითხვა: როგორ იბადება ადამიანის ტვინში აზრი, სახეები – უპასუხო დარჩა და ვიცი, ამქვეყნიურ ცხოვრებაში პასუხს ვერ მივიღებ… დღეს კი მხოლოდ ის მინდა, რომ გავხდე ჩვენი დროის (ქვეყნის) ნაწილი – აუცილებელი, განუყოფელი ნაწილი.
ცხოვრებით და არა მხოლოდ წიგნით მივედი იმ დასკვნამდე, რომ ადამიანის ფასს მართლაც, მხოლოდ სიყვარული განსაზღვრავს და სხვა არაფერი. სიყვარული კი არის სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის – შენი იქნება თუ სხვისი – თავგანწირვა – ასეთია იდეალი. თუმცა, ამგვარი სრულყოფილების მიღწევა, რაღა თქმა უნდა, ადამიანისთვის მხოლოდ გზის მანათობელი ვარსკვლავია, რომელიც მუდამ უნდა გახსოვდეს და მისკენ მიიწევდე.
გულისთვის ორნი იბრძვიან – სიყვარული და ადამიანური სიამაყე. სიყვარული დაგამდაბლებს და ამ გზით აგამაღლებს. კაცთმოყვარე ვერ იქნება ამპარტავანი – ეს გამორიცხულია!
ახლა კი დღევანდელობაზე, რომელსაც არ ვაფასებ და მხოლოდ ფუნდამენტურ ცვლილებებს აღვწერ:
– შეიძლება, ეს პანდემია, მხოლოდ სასწავლო განგაში იყო – ასე ვთქვათ, გენერალური რეპეტიცია – ეს არავინ იცის…
– აქამდე არსებობდა კულტურა, რომლის ცენტრშიც იყო წიგნი, დღეს კი დროება შეიცვალა და შემეცნების მწვერვალი ფოტო გახდა. ,,ფეისბუქის“, ,,ინსტაგრამისა“ თუ ,,ტიკ- ტოკის” იქნება – არ აქვს მნიშვნელობა, დღეს არა სიტყვა, არამედ სურათი წარმოადგენს ინფორმაციის ძირითად წყაროს…
– წარსულში ცხოვრება განსაცდელისა და ტკივილის შედეგად შეძენილ გამოცდილებასა და ცოდნას ეფუძნებოდა, თანამედროვეობა კი მხოლოდ კომფორტს აღმერთებს – დღეს და ახლა. პირველზე დანამდვილებით ვიცი – განვითარების ფუძეა, მეორეზე კი ვერაფერს ვიტყვი…
– ჩემ დროს სიძულვილი უფრო ინდივიდუალური იყო და ბოღმა თუ შური, მხოლოდ ახლო გარემოცვასა და სამყაროში იცლებოდა, დღეს კი, სოციალური ქსელების მეშვეობით სიძულვილი გამაერთიანებელი ძალა გახდა. ბოროტების რიგები შემჭიდროვდა – მგონი, ეს არის ეპოქის მთავარი გამოწვევა…
და ბოლოს – მთავარი კითხვა: ,,გვეშველება რამე?“
პასუხი: სანამ ამ კითხვას დავსვამთ, უნდა დავფიქრდეთ: ,,ჩვენში რამე შეიცვალა, რომ გაუმჯობესებასა და შველას ველოდოთ?“
ჩვენ ხომ ისევ ,,ნაცი- ქოცის” მტრობაში ვართ გაჭედილნი და, აბა, როგორ?..
ასეთი გამომივიდა 66 წლის დაძველების ღვინო.
გილოცავთ ახალ წელს! მპუაა და ბევრი პაჩი თქუენ!
ზ.ო. – 2020, დეკემბერი
ზურაბ ოდილავაძე