ძებნილის მამა ტარიელ ესებუა ამბობს, რომ ბადრი უდანაშაულოა და გამოთქვამს შიშს, რომ მის შვილს მოკლავენ.
“ვინც ტელევიზიით აჩვენეს, ის არაა ჩემი შვილი, ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული. თავდამსხმელს არც ბადრის თვალები ჰქონდა, არც სიმაღლე და არც მანერები… ჩემი აზრით, ბადრი იმიტომ არ ჩნდება, ეშინია, რომ მოკლავენ. მეც ძალიან მეშინია, მისი დაკავების მომენტში არ მოხდეს მისი ლიკვიდაცია. არ მინდა შვილი მომიკლან, ისედაც განადგურებული ვართ მთელი ოჯახი. ნაინფაქტარი კაცი ვარ და მას მერე ძლივს მიდგას სული. დედამისს ნერვიულობის ფონზე ფსიქიკური პრობლემები დაეწყო, ლაპარაკიც უჭირს…
ისიც არ ვიცით, ცოცხალია, თუ მკვდარი ჩვენი შვილი. ცოცხალი თუა, მეშინია აყვანის დროს არ მოკლან. ამაზე ფიქრით გავნადგურდით ორივენი… ჩვენ არც ისე გვიჭირდა, არც ისეთი ღარიბები ვართ, ფულის გამო ბადრი ამხელა რისკზე და დანაშაულზე წასულიყო, ამას ვერაფრით ვიჯერებ.
ოჯახს სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოგვყავდა, რაღაც შემოსავალი გვქონდა, ყველანი ერთად ვშრომობდით.. ადრე ბადრიც და ბიძინაც სამხედრო სამსახურში მსახურობდნენ, შემდგომ წამოვიდნენ სამსახურიდან და ბოლო პერიოდში ბადრი სენაკის მეორე ბრიგადაში აღადგინეს. ბადრი გულითადი, მეგობრული და მზრუნველი ბიჭი იყო, ჯარშიც ყველა დადებითად ახასიათებს. გვიკვირს, რა ტრიალებს ჩვენს თავს. სამი ვაჟი გავზარდე, ბადრი ყველაზე უმცროსია. ახლა უფროსი შვილიც – ბიძინაც დააკავეს. დარწმუნებული ვარ, ის არაფერ შუაშია. პოლიციას თუ ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბიძინა ძმასთან უნდა მისულიყო და ნივთები მიეწოდებინა, წესით, კვალზე უნდა მიჰყოლოდნენ. ამას ბავშვიც არ დაიჯერებს.
დარწმუნებული ვარ, ის ნივთებია მას ავტომანქანაში ჩაუდეს. ალბათ ცდილობენ, ბადრი როგორმე გამოვიდეს და შეცდომა დაუშვას”, – განუცხადა “ამბებს” ბრალდებული მამამ.
ტარიელ ესებუას თქმით, მას წარმოდგენა არ აქვს, სად შეიძლება იმალებოდეს მისი შვილი და არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ის ცოცხალიც აღარ იყოს.
“არ ვიცი, საქართველოშია თუ არა ჩემი შვილი. იმასაც ვფიქრობ, შეიძლება ცოცხალიც აღარაა… 26-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი ბადრი ესებუა იყო და მას მერეა, რაც იმალება. ბადრი დეიდაშვილთან იყო მისული. ტელევიზიით რომ გავრცელდა ბადრის სახელი, ეს მასზე ადრე ბიძინამ გაიგო და როცა მასთან მივიდა, უთხრა ძმას, ასეა საქმეო. მერე ბადრიმ ძმას გასაღები გამოართვა, ბიძინა დეიდაშვილთან დატოვა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა ისე, რომ არაფერი დაუბარებია. ბიძინას ამის მეტი ძმასთან შეხება არ ჰქონია. მერე ის მანქანა ისეთ ადგილას გაჭედილა, ბადრიმ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ფეხით წასულა. მას მერე იკარგება ბადრის გზა-კვალი და ბიძინას და არც არავის მასთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. არ მინდა, ჩემი შვილი მოკლან… მინდა, ყველაფერი გაირკვეს, სიმართლე დადგინდეს, მეტი არაფერი, თორემ შეიძლება ამ სიტუაციას მთელი ოჯახი ვემსხვერპლოთ”.
წყარო: ამბები.ჯი