როგორც უკვე მოსალოდნელი იყო, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3,5 თეთრით გაძვირდა!

​სემეკის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო ტარიფი, (დღგ-ს ჩათვლით) 3.5 თეთრით იზრდება. თბილისის მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება და ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი ძალაში 2025 წლის ბოლომდე იქნება.​​

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა დადგენილების პროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

“თელასის“ სამომხმარებლო ტარიფები მოსახლეობისთვის შემდეგი იქნება:

პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.544 თეთრი – ახალი ტარიფი 18.041 თეთრი;

მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.556 თეთრი – ახალი ტარიფი 22.053 თეთრი;

მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 23.040 თეთრი – ახალი ტარიფი 26.537 თეთრი.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2021 წლის პირველი იანვრიდან დენის ტარიფი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვისაც იზრდება.

სემეკ-ის დადგენილების პროექტით, ასევე 3,5 თეთრით იზრდება ტარიფი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის.

“ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფები მოსახლეობისთვის (დღგ-ს ჩათვლით) შემდეგი იქნება:

პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.237 თეთრი – ახალი ტარიფი 17.731 თეთრი;

მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.213 თეთრი – ახალი ტარიფი 21.707 თეთრი;

მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 22.733 თეთრი – ახალი ტარიფი 26.227 თეთრი.

სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული სექტორისთვის დაახლოებით 11 თეთრით მოიმატებს.

წყარო: ptn.ge