სისხლიანი დაპირისპირება სოფელ დიღმის სასაფლაოზე, სადაც ორი ადამიანი დაჭრეს, კანონიერი ქურდის გიორგი ბურდულის, იგივე გიორგი დიდუბსკის, ხსოვნისადმი მიძღვნილ თავშეყრას უკავშირდება.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ დიღმის სასაფლაოზე ოთხჯერ გაისროლეს. ერთერთი ვერსიით, თავშეყრაზე მყოფმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და იქ მყოფთაგან ორი ადამიანი დაჭრა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ახლომახლო მცხოვრებლებმა “მთავარს” უთხრეს, რომ შესაძლოა, სროლა ორმხრივი იყო.
გიორგი ბურდულს თავს 2014 წლის 29 დეკემბერს ნეაპოლში დაესხნენ. თავის საცხოვრებელ ბინაში, კომპიუტერთან მჯდომ ბურდულს სნაიპერმა ფანჯრიდან ესროლა. ტყვია მას თავში მოხვდა.
გიორგი ბურდული ცოტა ხანს კომაში იყო, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.
გიორგი ბურდულმა თბილისში, დიდუბეში მდებარე 155-ე საშუალო სკოლა დაამთავრა. ის საქართველოს სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემდეგ, 2013 წლის ივნისში საბერძნეთში ,,მოინათლა.”
მისი მკვლელობის მცდელობის ერთ-ერთ მოტივად კრიმინალურ კლანებთან კონფლიქტი სახელდება.
მთავარი