საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომპანიების მიერ წარმოდგენილი ყველა ხარჯი და პროექტი რომ გაეთვალისწინებინათ, დენის ტარიფი 1,5-ჯერ გაიზრდებოდა.
სემეკის გადაწყვეტილებით, თელასისა და ენერგო-პრო ჯორჯიას მომხმარებლებისთვის, თბილისსა და რეგიონებში დენის ტარიფი იზრდება. საყოფაცხოვრებო მოხმარების ელექტროენერგიის ნაწილში ზრდა დაახლოებით 3,5 თეთრია. ხოლო რაც შეეხება კომერციულ ნაწილს, ის დიფერენცირებულია საფეხურების მიხედვით და 11-დან 13-თეთრამდე მერყეობს.
დავით ნარმანიას განცხადებით, კომისია გადაწყვეტილების შინაარსს აცნობიერებს.
“თელასისთვის და ანერგო-პროსთვის ჯამში, აუდიტის შედეგად, 30 მილიონ ლარზე მეტი არ იქნა გათვალისწინებული, გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო დადასტურებული შესაბამისად დოკუმენტურად ან ჩვენი აუდიტის წესების მიხედვით, არ ითვალისწინებდ მეთოდოლოგია ტარიფში ამ ყველაფრის ასახვას. შევათანხმეთ მათი საინვესტიციო განაცხადები და შემთხვევაშიც მხოლოდ აუცილებელი პროექტები დავტოვეთ, რომელიც ელექტროენერგიის ხარისხიანი და უსაფრთხო მიწოდებისთვის არის აუცილებელი. ჩვენ რომ მაქსიმალურად ყველა ხარჯი და ყველა წარმოდგენილი პროექტი გაგვეთვალისწინებინა, რაც კომპანიებმა წარმოადგინეს, მინიმუმ 1,5-ჯერ მაინც იქნებოდა ტარიფი, რომლის დადგენაც ჩვენ დღეს მოგვიწევდა”, — აღნიშნა ნარმანიამ.
სემეკის სხდომაზე საკითხის განხილვის პარალელურად პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მომავალ წელს მოსახლეობის უმრავლესობას ელ.ენერგიის გაძვირებით გამოწვეული სხვაობა აუნაზღაურდება. შეღავათი შეეხება მათ, ვინც 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს.