გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ქართული ოცნება” ოპოზიციონერების ნაწილს ინდივიდუალურად ახალ შეთავაზებაზე ესაუბრება. ამავე ცნობით, თუ თვითმმართველობის არჩევნებში სახელისუფლებო გუნდი 48%-ზე ნაკლებს მიიღებს, სახელისუფლებო გუნდი რიგგარეშე არჩევნებს დათანხმდება.
“ქართულ ოცნებასთან” ფარულ მოლაპარაკებებს უარყოფენ ელისაშვილის პარტია და გირჩის ერთი ნაწილი. თუმცა “მოქალაქეებში” ფიქრობენ, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავენ, ეს ოპოზიციისთვის მისაღები უნდა იყოს, ხოლო გირჩის წარმომადგენლის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, პარლამენტში იმ შემთხვევაში შევლენ, თუ ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი დათანხმდება საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას:
“დარწმუნებული ვარ, “ქართულ ოცნებას” ძალიან უნდა, რომ “გირჩი” იყოს პარლამენტში, “ნაციონალური მოძრაობის” ან ვიღაცის ჯინაზე, მაგრამ ჩვენ პირიქით – გვინდა, რომ “ქართული ოცნების” ჯინაზე “ნაციონალური მოძრაობა” იყოს პარლამენტში. “ოცნების” პოზიცია იმდენად უცნობია და ზოგადად, მათი სტრატეგია უცნობია, წარმოადგენა არ მაქვს, როგორ დამთავრდება ეს მოლაპარაკებები, უბრალოდ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოლაპარაკებების ჩაშლა ოპოზიციას არ დაბრალდეს” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.