“ყველა თავმოყვარე ერი, ასეთ მოღალატეობრივ საქციელს თავის სახელს დაარქმევს” – ღარიბაშვილი

“ყველა თავმოყვარე ერი, ასეთ მოღალატეობრივ საქციელს თავის სახელს დაარქმევს” – ღარიბაშვილი დავით გარეჯის საქმეზე.

თავდაცვის მინისტრმა დავით გარეჯის საქმეზე კომენტარი “იმედის“ გადაცემაში “არენა“ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ საქმეზე მუშაობა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო.

„მიყალიბდება შინაგანი რწმენა, რომ ძალიან დიდ ღალატთან გვქონდა საქმე. საუბრობდნენ ძალიან ბევრს, რომ ეს იყო წინასაარჩევნოდ გამოგდებული ფანტი. როგორ გავთვლიდი მაგალითად მე, ან ნებისმიერი ადამიანი იმას, რომ 2020 წლის არჩევნებზე გამოვიყენებდით ამ თემას? 2014 წელს ვმუშაობდი ამ საკითხზე და აქედან გამომდინარე, არგუმენტი არ არსებობს. არსებობს ძალიან მძიმე ფაქტები და არა სპეკულაციები. მე ვსაუბრობ ფაქტებზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ის კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, არის დარღვეული. რეალურად, მაშინ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მხოლოდ ერთ რუკას გამოიყენებდნენ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის დროს. ეს არის 1938 წლის რუკები. შემდეგ მიდის სპეკულაციები. ზოგი ახსენებს 29 წლის რუკას, ზოგი ახსენებს 37 წლის რუკას, 42 წლის რუკას და ა.შ. მანიპულირებენ, როგორც გამოცდილი, გაწაფული თაღლითები, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ამ დროს სიმართლე, ჭეშმარიტება არის მხოლოდ ერთი, რომ ამ რუკის მიხედვით რომ გაეტარებინათ, მაგალითად ჩიჩხიტური და ის ქედი, რომელზეც არის დღეს დავა და რეალურად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დადგნენ 2006 წელს (კითხვა მაქვს, მაშინ რატომ დადგნენ იქ?), არ იქნებოდა დღეს სადაო” – განაცხადა მინისტრმა.

მან საქმის გამოძიებასთან საკუთარ მოლოდინზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სჯერა, რომ პროკურატურა ამ საკითხს ბოლომდე მიიყვანს.

„რა თქმა უნდა, ჩემი ბუნებრივი მოლოდინი და სურვილი არის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ჩვენ ისეთი მიამიტები არ ვართ, რომ ვინმემ დაიჯეროს, რომ ის ორი კარტოგრაფი, რომლებიც ახლა დაკავებულები არიან, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, მხოლოდ მათ დონეზე გადაწყდა რაიმე. ადამიანი უნდა იყოს ძალიან დიდი ბრიყვი, რომ ეს დაიჯეროს. მით უმეტეს, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები – ზოგი მინისტრი იყო, ზოგი მინისტრის მოადგილე იყო, პრემიერ-მინისტრი იყო, ადასტურებენ, რომ ეს მონაკვეთი, დავით გარეჯის ერთი ნაწილი არ მიეკუთვნებოდა საქართველოს. პირდაპირი აღიარებითი ჩვენებები აქვთ გაკეთებული ამ ადამიანებს” – განაცხადა მინისტრმა.

წყარო: newposts.ge