ქუთაისის შემოვლითი გზა ორმხრივად გაიხსნა, რაც გადაადგილების დროს გაანახევრებს“,-ამის შესხებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისის შემოვლით გზაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად პანდემიის გამოწვევებისა, 2020 წელი გამორჩეული აღმოჩნდა.
„ ჩვენ ჯერ კიდევ კორონავირუსამდე დავაანონსეთ 70 კმ. მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომელიც შესრულებულია. კერძოდ, გუშინ ქუთაისის შემოვლით გზაზე, 40 კმ. აშენებული გზიდან, 19 კმ-იან მონაკვეთს, რომელიც ზაფხულში გავხსენით დაემატა კიდევ 12 კმ-იანი მონაკვეთი და ეტაპობრივად უახლოეს კვირებში მოხდება უკვე სრულად 4 ზოლიანი გზით სარგებლობა. ამ ეტაპზე, 10 კმ-იანი მონაკვეთია, სადაც საბოლოო სამუშაოები მიმდინარეობს და საგზაო უსაფრთხოების გათვალისწინებით 2 ზოლიანი მოძრაობაა, თუმცა რამდენიმე კვირაში სრულად 4 ზოლიანი გახდება აქაც მოძრაობა. ჩვენ უკვე შეგვიძლია აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნით სარგებლობისას გვერდი ავუაროთ ქუთაისს და შესაბამისად გავანახევროთ გადაადგილების დრო და ასევე განვტვირთოთ ქალაქი ქუთაისი. საბოლოო ჯამში, წლის განმავლობაში გაიხსნა ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზა, ქუთაისის შემოვლითი გზა და ჯაპანა-ლანჩუთის 14 კმ-იანი მონაკვეთი. ამ მონაკვეთების საშუალებით, იანვრიდან ჩვენს მოსახლეობას საშუალება ექნება დაზოგოს 1 საათი და თბილისიდან ბათუმამდე 5 საათის ნაცვლად 4 საათში ჩავიდეს”, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.