ალექსანდრე გოგინავასა და ლევან რატიანს ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ

ახალი COVID-19 -ის პანდემიიდან გამომდინარე, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, ცნობილ ქართველ ექიმებს ალექსანდრე გოგინავასა და ლევან რატიანს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა კურდღელიას ბრძანებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ. ინფორმაციას ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საინფორმაციო, საგარეო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ავრცელებს.

„ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი ექიმ ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა 1988 წელს ქალაქ ფოთში, ექიმის ოჯახში დაიბადა. ქალაქ ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის N1 საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე.

მედიცინის დოქტორი, ანესთეზეოლოგ-რეანიმატოლოგი, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი ქალაქ ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის N2 გიმნაზიის კურსდამთავრებულია. იგი 2008 წლიდან თსსუ-ის ელექტრონული პარამაგნიტური ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელია.

სამედიცინო საქმიანობასთან ერთად ლევან რატიანი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა. ჯილდოს მინიჭების ცერემონია ონ-ლაინ რეჟიმში გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, მერის მოადგილეები და საპატიო მოქალაქეები ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ ექიმებს ეპიდემიის ორივე ტალღის დროს, თანაქალაქელების მიმართ გაწეული თანადგომისა და ახალ ვირუსთან ბრძოლაში გამოჩენილი შემართებისათვის მადლობა გადაუხადა.

წყარო: ptn.ge