ანატოლი ბიბილოვი: რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სტაბილურობასა და ჩვენი ხალხის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს 

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. „პრეზიდენტმა“, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან ინტეგრაციის პრინციპული მომხრეა.

„როდესაც მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას ხელს ვაწერდით, მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, შეთანხმების სხვა ვარიანტს ვთავაზობდი, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მექანიზმს ითვალისწინებდა. შემდგომშიც შევეცდებით რუსეთის შემადგენლობაში შესვლას.

მომავალში რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სტაბილურობასა და ჩვენი ხალხის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ხელმოწერილ შეთანხმებაში მკაფიოდ განსაზღვრულია, რომ ერთ-ერთ მხარეზე თავდასხმა მეორე მხარეზე თავდასხმად მიიჩნევა. ანუ, თუ დავუშვებთ, რომ უეცრად საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა, ეს რუსეთზე თავდასხმას ნიშნავს“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

ანატოლი ბიბილოვმა ასევე აღნიშნა, რომ „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები სამხრეთ ოსეთისთვის მნიშვნელოვანია“.

„ჩვენი რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, თუმცა საქართველოში მამაცი პოლიტიკოსები არ არიან, რომლებიც ამას აღიარებენ. მიუხედავად ამისა, ჟენევის დისკუსიები აუცილებელია იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთმა საერთაშორისო არენაზე თავის უფლებებზე განაცხადოს და საერთაშორისო საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს“, – აღნიშნა ბიბილოვმა.