“ბოლოსაცივობას გილოცავთ! ახალი წლის მესამე დღეა. გამოთაყვანების მორევმა საბოლოოდ ჩამითრია…”

საცივობა
ახალი წლის მესამე დღეა. გამოთაყვანების მორევმა საბოლოოდ ჩამითრია…

ღამით ვერ ვიძინებ და დაღლილს დღისით მძინავს, ხოლო გამოძინებული – ვათევ… მოკლედ, იმის გამო, რომ დღისით მძინავს, ღამით ვერ ვიძინებ, მერე კი ყავასა და ჩიბუხის გაბოლებაში კვლავ ირიჟრაჟებს… და ყველაფერი თავიდან. ვარ ასე ძილ-ღვიძილის მანკიერ წრეზე…
ისე, ახალ წელს ბედი მაგრად გვწყალობს – ტელეეკრანებიდან პოლიტიკოსები ქრებიან. პოლიტიკოსი ხომ იმისთვის დაგვიდგინა ღმერთმა, რომ სახედარივით კისერზე დაგაჯდეს, გრძელი ანკესით ცხვირწინ ,,თივა“ ჩამოკიდოს და დაპირების მუდმივ დევნაში სული ამოგხდეს. ჰოდა, ამ ბალახოვან მარათონში დროებითი შესვენაბაა გამოცხადებული – ესეც საქმეა.
ასეა თუ ისე, წელი ახალია, ხალხი და ამბები – ძველი… და ,,კორონაც“ – ერთი წლის…
ამ გახსენებაზე – ბელადს ჭეშმარიტების მომენტი დაუდგა! ფული ოხრად აქვს, ფარმაციაში კავშირებიც… ჰოდა, შვლიპოს ორმაგი ფასი ვაქცინაში და აღარ ვიდგებით ანგოლასა და სუდანს შორის რიგში. ვნახოთ, გამოიჩენს თავს თუ..? თუ,თუ,თუ – თუ ინდომებს ბავშვი… თუ თუ თუ – თუ ცდილობ – ყველაფერი გამოგივა მაშინ…
ამასობაში საცივი მოილია. დარჩა შედარებით ბევრი სქელი მასა და ერთი ფრთა… შეიძლება კისერიც… ისიც ქათმის… თან მესამე დღეა… ღომიც აღარ არის… ,,მეორადი“ საცივი დროზე უნდა დასრულდეს!
გუშინ ბედობა იყო, დღეს საცივთან გამომშვიდობების ჟამია. ბოლოსაცივობას – გილოცავთ!
ზ.ო. – 2021, იანვარი

ზურა ოდიალავაძე